ჰოლანდიის სამეფო ავიახაზები KLM Flying-V-ს სახელით ცნობილ, საწვავის მოხმარებით ეკონომიური თვითმფრინავის პროექტს დაფინანსებაში დაეხმარება.
თვითმფრინავს ფუტურისტული დიზაინი აქვს. უფრო კონკრეტულად კი, მის ფრთებში როგორც მგზავრთა კაბინის, ისე საწვავის ტანკერებისა და ტვირთის მოთავსებაა გათვალისწინებული.
როგორც პროექტშია გათვალისწინებული, ახალი თვითმფრინავი Airbus A350-900-ზე 20%-ით უფრო ხარჯეფექტური იქნება, თუმცა იმავე რაოდენობის მგზავრებს გადაიყვანს. Flying-V-ს მოდელი 314 მგზავრზე იქნება გათვლილი.
ჰოლანდიის სამეფო ავიახაზების აღმასრულებელი დირექტორის, პიტერ ელბერსის განცხადებით, ბოლო წლებში, მდგრადობის მიმართულებით კომპანიის მიერ გადადგმული ნაბიჯები პიონერული იყო.
როგორც ის აღნიშნავს, ავიაცია გლობალური მასშტაბით CO2-ს 2,5%-ს გამოყოფს, ინდუსტრია კი წლიდან წლამდე იზრდება.
„ინდუსტრია იზრდება, ამიტომ გვჭირდება, უფრო გამძლე თვითმფრინავები ვაწარმოოთ. ჩვენ თვითმფრინავის სრულად ელექტროსისტემაზე გადაყვანა არ შეგვიძლია, რადგან ეს სატრანსპორტო საშუალებას ამცირებს. შესაბამისად, ასეთი თვითმფრინავით ატლანტიკის ოკეანეს ვერც ახლა გადაუფრენ და ვერც 30 წელიწადში. ამიტომ მოგვიწევს, რომ ტექნოლოგიების მეშვეობით, საწვავის მოხმარება სხვა გზებით შევარჩიოთ.
თვითმფრინავის ახალი კონფიგურაცია, რომლის დამუშავებაც ჩვენს მიზანს წარმოადგენს, ფიუზელაჟისა და ფრთების სინერგიას გულისხმობს. ფიუზელაჟი თვითმფრინავის გადაადგილებას უზრუნველყოფს და გადაადგილებისთვის ნაკლები ძალისხმევა იხარჯება. თვითმფრინავის მიერ საწვავის მოხმარების ეფექტურობა კი დიდწილად, მისმა აეროდინამიკურმა დიზაინმა განაპირობა. ამასთან, სატრანსპორტო საშუალების წონის შემცირებაც გათვალისწინებულია“, -აღნიშნა მან.
CNN-ის ინფორმაციით, მკვლევარები იმედოვნებენ, რომ ახალი მოდელი მიმდინარე წლის სექტემბერში გამოჩნდება. მისი ახალი დიზაინის გახსნის ღონისძიება კი ოქტომბერში, ამსტერდამის სხიპჰოლის აეროპორტში ჩატარდება. აღნიშნული ღონისძიება ჰოლანდიის სამეფო ავიახაზების მე-100 დაბადების დღეს დაემთხვევა.
რაც შეეხება Flying-V-ს დასრულებულ ვარიანტს, რომელიც ფრენებს განახორციელებს, ის სავარაუდოდ, 2040-2050 წლებში გამოჩნდება.
მოამზადა მარიამ მენაბდიშვილმა