დამსაქმებელთა ასოციაცია და კოლეჯი "სპექტრი" პროფესიული სიმულაციური სახლის პრეზენტაციას გამართავენ

5 ივნისს 12:00 საათზე საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია და საზოგადოებრივი კოლეჯი “სპექტრი” ე.წ პროფესიული სიმულაციური სახლის (VET House) პრეზენტაციას მოაწყობენ, რომელსაც სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო ორგანიზციების, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, 131 – ე საჯარო სკოლის მოსწავლეები და სხვა დაინტერესებული მხარეები დაესწრებიან.

დამსაქმებელთა ასოციაციის ცნობით, სკოლის მოსწავლეები უშუალოდ ჩაერთვებიან სიმულაციური სახლის კონსტრუქტორის პრინციპით აწყობაში. რა დროსაც მათ საშუალება ექნებათ მოსინჯონ ათამდე პროფესია.

სამუშაო პროცესში მონაწილეებს ინსტრუქტაჟს და შრომის უსაფრთხოების ნაწილში კონსულტაციებს კოლეჯი „სპექტრის“ მასწავლებლები და სტუდენტები გაუწევენ. (ღონისძიების ხანგრძლივობა 1სთ და 15 წთ).

"საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში 2017 წელს შექმნა პროფესიული ორიენტაციის გერმანიაში დანერგილი მეთოდის ანალოგი, ე.წ. პროფესიული სიმულაციური სახლი (VET House), რომელიც სამშენებლო პროფესიების პოპულარიზებას ემსახურება. სიმულაციური სახლი, რომელმაც გასულ წელს 26 სკოლას ესტუმრა და დიდი დაინტერესება გამოიწვია, საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრთან“ ერთად განახლდა. სიმულაციურ სახლი ათამდე სამშენებლო პროფესიის სიმულირების საშუალებას აძლევს სკოლის და პროფესიული სასწავლებლების მოსწავლეებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ და კოლეჯმა „სპექტრი“ ხელი მოაწერეს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც გულისხმობს აღნიშნული სიმულაციური მოდულის ერთობლივ პოპულარიზაციას სამშენებლო პროფესიების წასახალისებლად ახალგაზრდებში და სხვა ერთობლივ აქტივობებს პროფესიული განათლების შესახებ ცნობადობის ასამაღლებლად საზოგადოებაში",- ნათქვამია დამსაქმებელთა ასოციაციის განცხადებაში.

მათივე ცნობით, სიმულაციური სახლის პრეზენტაცია საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრში“ გაიმართება.

მისამართი: თბილისი 0168, ბ. ჭიჭინაძის ქ #10 (აფრიკის დასახლება)