სოფელ დიღმის მოსახლეობა მიწის ნაკვეთების დაბრუნებას ითხოვს

სოფელ დიღმის დაახლოებით 50 ოჯახი მიწის ნაკვეთის დაბრუნებას ითხოვს.

სოფელ დიღმის მოსახლეობის ნაწილი დღეს თბილისის მერიასთან შეიკრიბა და დედაქალაქის ახალ მთავრობას მიწის დაბრუნება მოსთხოვა.

როგორც ერთ-ერთი ოჯახის ადვოკატმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დედისგან მემკვიდრეობით აქვს მიღებული მიწის ნაკვეთი, თუმცა იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფოს მის სახელზე დაერეგისტრირებინა ნაკვეთი, თვითმმართველმა ერთეულმა თავის სახელზე დაარეგისტრირა მიწა.

"ყველა დოკუმენტი ჰქონდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, თუმცა საჯარო რეესტრმა არ შეისწავლა ეს საქმე და ქონების დარეგისტრირება თვითმმართველი ერთეულის სახელზე მოახდინა", - აღნიშნა ადვოკატმა ნინო ანდრიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, სხვა შემთხვევებიც ანალოგიურია, თუმცა ზოგიერთმა ოჯახმა უფულობის გამო სასამართლოს ვერ მიმართა.