„1-ლი ივლისიდან მეტრო დილის 06:00 საათიდან ღამის 23:00 საათამდე იმუშავებს“.
ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამის მიზეზი მეტროში ძალოვანი კაბელების სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
„აზიის განვითარების ბანკის ხელშეწყობით გამოყოფილია 15 მლნ დოლარი, რომელიც ძალოვანი კაბელების ჩანაცვლებას მოხმარდება. რაც მეტრო გაიხსნა ამ ტიპის სამუშაოები არ ჩატარებულა, შესაბამისად, ჩვენ ვიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას. დაახლოებით, 450 კმ ძალოვანი კაბელი იქნება მთლიანად შეცვლილი. ასევე მოხდება 28 საგვირაბე გამნიავებლისა და 32 ახალი ევროპული სტანდარტის ვენტილატორის მონტაჟი.
ახალი კაბელების საინსტალაციო სამუშაოები 1 -ელ ივლისს დაიწყება. პროექტი უკვე მზადაა და კომპანიაც არსებობს. სამუშაოების დასრულება 2020 წლის ივლისში იგეგმება. ამ პროექტის განხორციელების პერიოდში ჩვენ გარკვეული შეზღუდვების დაწესება მოგვიწევს, რათა კომპანიას მუშაობის შესაძლებლობა მიეცეს. კერძოდ, 1-ლი ივლისიდან მეტრო ჩვეულებრივ დილის 06:00 საათზე დაიწყებს მუშაობას, მაგრამ ერთი საათით ადრე, ანუ ღამის 23:00 საათზე დაასრულებს მუშაობას,“-აღნიშნა კალაძემ.