კახა კალაძე - შემოდგომაზე დედაქალაქს კიდევ 5 საბავშვო ბაღი შეემატება

შემოდგომაზე დედაქალაქს კიდევ 5 საბავშვო ბაღი შეემატება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მერიაში მიმდინარე მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც დედაქალაქის მერი აცხადებს, 10 დაანონსებული საბავშვო ბაღიდან 5-ზე უკვე დაწყებულია სამშენებლო სამუშაოები, რომელთა ჯამური ბიუჯეტი დაახლოებით 11 მილიონი ლარია და მათში დამატებით 1500-მდე აღსაზრდელი შეძლებს სწავლას.

„სასიხარულო ინფორმაცია მინდა მივაწოდო მოსახლეობას. იცით, რომ 10 საბავშვო ბაღის მშენებლობა დავაანონსეთ, ხუთი უკვე მშენებლობის პროცესშია და 2019 წლის ოქტომბრიდან დედაქალაქს კიდევ 5 საბავშვო ბაღი შეემატება. ბაღებიდან ორი მდებარეობს გლდანში, მეექვსე და მერვე მიკრორაიონში, ერთი დიღმის მასივში, ერთი ფონიჭალაში, ერთი კი ისანში, ნავთლუღის ქუჩაზე. ჯამში ამ მშენებლობების ბიუჯეტი დაახლოებით 11 მილიონი ლარია. ახალი ბაღების გახსნის შედეგად, თბილისში კიდევ 1500-მდე აღსაზრდელი შეძლებს სკოლამდელი განათლების მიღებას. ჩვენ ვიცით, რომ დიდია მოთხოვნა, შესაბამისად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა შევთავაზოთ აღსაზრდელებს და მათ მშობლებს“,- აცხადებს დედაქალაქის მერი.

ამასთან, მისივე თქმით, სამშენებლო სამუშაოები სტანდარტების სრული დაცვით მიმდინარეობს.

„ყველა ამ მშენებლობაში გათვალისწინებულია უსაფრთხოების სტანდარტები. ესაა ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები, უსაფრთხოების ბადეები, სახანძრო უსაფრთხოება და ასე შემდეგ“, - აცხადებს კახა კალაძე.