სამინისტროებისა და მათი დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ იანვარ-მარტში გამოცხადებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომია 27 308 875 ლარს შეადგენს, - ამის შესახებ 2019 წელს გამოცხადებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი გამოყენების თაობაზე მთავრობის განკარგულებაშია აღნიშნული.
სამი თვის განმავლობაში (იანვარი-მარტი) ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომია ჯამში 27 მლნ ლარს აჭარბებს, აქედან ყველაზე დიდი მოცულობის, კერძოდ, 14 290 834 ლარის ეკონომია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აქვს, შემდეგია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 4 376 327 ლარის ეკონომიით, 3 359 995 ლარის ეკონომია მიიღო გამოცხადებული ტენდერების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 1 270 886 ლარის კი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ.
განკარგულების მიხედვით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს, სამინისტროებს და მათ კონტროლს დაქვემდებარებულ საბიუჯეტო ორგანიზაციებს მიეცათ უფლება ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომია მიმართონ მათ მიერ განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული ღონისძიებების დასაფინანსებლად. ამასთან, ბრძანებაში აღნიშნულია, რომ სამინისტროებს თანხის გამოყენება აღნიშნული მიზნობრიობისაგან განსხვავებული მიმართულებითაც შეეძლებათ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით.