ენერგოომბუდსმენი GWP-ს წყალმომარაგების აღდგენამდე მომხმარებლების ალტერნატიული წყაროებით მომარაგების რეკომენდაციით მიმართავს

ენერგოომბუდსმენი GWP-ს წყალმომარაგების აღდგენამდე მომხმარებლების ალტერნატიული წყაროებით მომარაგების რეკომენდაციით მიმართავს - ამის შესახებ ენერგოომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„მგალობლიშვილის ქუჩაზე მაგისტრალური წყალმდენის განმეორებით დაზიანების გამო, თბილისის ცენტრალური უბნების რამდენიმე ქუჩა კვლავ სასმელი წყლის გარეშე დარჩა. აღსანიშნავია, რომ ზუსტად ამ ადგილზე მაგისტრალური მილი 3 ივნისს დაზიანდა და შპს ,,ჯორნიან უოთერ ენდ ფაურმა" უსწრაფესად შეძლო მისი რეაბილიტაცია. ენერგოომბუდსმენის აპარატში უკვე არაერთი ზარი დაფიქსირდა კერძო ბიზნესის (კონკრეტულად: სილამაზის სალონები, სამრეცხაოები, კვების ობიექტები) და მოქალაქეების მხრიდან, რომლებიც აღნიშნავენ, რომ წყლის ავარიული შეწყვეტის გამო, ვერ აიღეს მინიმალური რესურსი. შესაბამისად, უწევთ დამატებითი ხარჯების გაღება წყლის შესაძენად, ხოლო მოქალაქეები უბნის მაღაზიებში სასმელ წყალს ვეღარ შოულობენ. ყოველივე ეს უარყოფითად აისახება მომხმარებელთა უფლებებზე. ენერგოომბუდსმენი რეკომენდაციით მიმართავს კომპანიას, წყალმომარაგების აღდგენამდე მომხმარებლები უზრუნველყოს ალტერნატიული წყაროებით (წყალმზიდებით)“, - აღნიშნულია განცხადებაში.