საფრანგეთში მზის ენერგიის გამომუშავება ზაფხულში რეკორდულად გაიზრდება

საფრანგეთის ელექტრო ენერგიის ქსელის ოპერატორი RTE აცხადებს, რომ ქვეყანა ელექტროენერგიაზე საკუთარ მოთხოვნილებას ზაფხულში სრულად დააკმაყოფილებს და თავისი ბირთვული და მზის ენერგიის სადგურების წყალობით, ენერგიის ექსპორტსაც გააგრძელებს.

RTE-ს გათვლებით, საფრანგეთი ზაფხულში 75 000 მეგავატ ელექტრო ენერგიას გამოიმუშავებს. იმავდროულად, ქვეყნის მაქსიმალური პროგნოზული მოთხოვნილება შეიძლება 55-60 ათასი მეგავატი იყოს. ენერგიაზე მოთხოვნა ყველაზე მეტად, აგვისტოს შუა რიცხვებში შემცირდება, როცა არდადეგების სეზონი პიკს მიაღწევს.

„ქარის და მზის დანადგარების 1 600 და 1 000 მეგავატით ზრდის წყალობით, განახლებადი ენერგიის გამომუშავება ახალ რეკორდებს მიაღწევს“, - ნათქავამია RTE-ს მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში.

იმავე დოკუმენტის შესაბამისად, წელს განახლებადი წყაროებით გამომუშავებული ენერგია, საფრანგეთის მოთხოვნილების 22.7 პროცენტს (შარშანდელი საშუალო მაჩვენებელი) მნიშვნელოვნად გადააჭარბებს. ზაფხულში კი ელექტრო ენერგიაზე ქვეყნის საჭიროების მეოთხედზე მეტი, განახლებადი წყაროებიდან იქნება მიღებული.

RTE-ს მონაცემებით, ზაფხულში ბირთვულ რეაქტორებში ელექტრო ენერგიის გამომუშავება 6 000 მეგავატით დაიკლებს. ამას გარემოს დაცვითი რეგულაციები განაპირობებს, რომელიც რეაქტორების გასაგრილებლად გამოყენებული წყლის მოცულობის შემცირებას მოითხოვს.

საფრანგეთში სულ 58 ბირთვული რეაქტორი მუშაობს, რომლებსაც ოპერირებას სახელმწიფო კომპანია EDF უწევს. ელექტრო ენერგიაზე ქვეყნის მოთხოვნილების დაახლოებით 75 პროცენტს სწორედ ბირთვული ენერგეტიკა უზრუნველყოფს.