ჩატარებული ფინანსური და შესაბამისობის აუდიტების შედეგად გამოვლენილი დარღვევების ჯამურმა მოცულობამ 66 მლნ ლარი შეადგინა, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018 წლის საქმიანობის ანგარიშშია აღნიშნული.
ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს აუდიტის სამსახურმა ჩაატარა 25 ფინანსური და 53 შესაბამისობის აუდიტი, რაც მთლიანი განხორციელებული აუდიტორული საქმიანობის 87%-ს შეადგენს. ამ აუდიტების შედეგად გამოვლენილი დარღვევების ჯამურმა მოცულობამ 66 მლნ ლარი შეადგინა.
„აღნიშნული დარღვევები ძირითადად წარმოადგენს საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი, არაეკონომიური და არამიზნობრივი გამოყენების შემთხვევებს და არ მოიცავს აღრიცხვა-ანგარიშგების მიმართულებით იდენტიფიცირებულ ნაკლოვანებებს. აუდიტის სამსახურმა გააანალიზა გასული წლის ფინანსური და შესაბამისობის აუდიტების მიგნებები და გამოკვეთა ისეთი სისტემური ხასიათის დარღვევები, რომლებიც სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი და აქტუალურია“, -აღნიშნულია ანგარიშში.
უფრო კონკრეტულად, ანგარიშის მიხედვით, 21 მლნ ლარის დარღვევაა გამოვლენილი შესყიდვების მართვაში, რაც გულისხმობს შემდეგ დარღვევებს: მომწოდებლისათვის საჯარიმო სანქციის ან პირგასამტეხლოს დაუკისრებლობა; მომწოდებლის მიერ საჯარიმო სანქციის ან პირგასამტეხლოს გადაუხდელობა; დოკუმენტური დასაბუთების გარეშე ანაზღაურებული სამუშაოები; მომწოდებლის მიერ შეუსრულებელი ან ნაწილობრივ დასრულებული სამუშაოები; სატენდერო დოკუმენტაციაში შემზღუდავი პირობების არსებობის შედეგად არაეკონომიურად გახარჯული თანხები.
20,2 მლნ ლარის დარღვევა გამოვლინდა აქტივების მართვის მიმართულებით, სადაც მოიაზრება: იჯარით გაცემულ სახელმწიფო ქონებაზე გადაუხდელი საიჯარო ქირა; ბუნებრივი რესურსების სარგებლობიდან ბიუჯეტში მიუმართავი სახსრები; სახელმწიფო ქონების პრივატიზება საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად; საიჯარო ქირის გარეშე სარგებლობაში გადაცემული სახელმწიფო ქონება.
24,4 მლნ ლარის დარღვევა კი საბიუჯეტო რესურსების მართვას უაკვშირდება, სადაც იგულისხმება: გამოუყენებელი მარაგები; ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებზე საბაზრო ღირებულებაზე მეტი ოდენობით თანხების ანაზღაურება; შესყიდული საქონლის/მომსახურების გამოუყენებლობა.