24-30 მაისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქალაქ ზუგდიდში, ზუგდიდის რაიონ სოფელ რუხში, ურთაში, ცაცხვში, ოდიშში, წალენჯიხაში, დაბა ჯვარში, ქალაქ ფოთში და მარტვილის რაიონ სოფელ კურზუში აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული, უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, ჯამში აღმოჩენილია უაქციზო სიგარეტის 67,460 ღერი.
მათი ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.