"ასოციაცია ატუ" რაჭიდან ხე-ტყის გატანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

"ასოციაცია ატუ" მის მიერ რაჭიდან ხე-ტყის გატანასთან დაკავშირებით სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და განმარტავს, რომ მათ ხის მასალა მთავრობის შესაბამისი განკარგულებების საფუძველზე აქვთ მოპოვებული.

ამასთან დაკავშირებით ასოციაცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ არც ერთი კუბური მეტრი არ გამოუყენებია კომერციული საქმიანობისათვის.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"გაცნობებთ, რომ ასოციაციას თავისი არსებობის მანძილზე განხორციელებული აქვს 80-ზე მეტი დიდი და საშუალო მოცულობის საქველმოქმედო პროექტი. აღნიშნული პროექტების საფუძველზე შექმნილი მატერიალური ფასეულობები პერიოდულად, დასრულებისთანავე, უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფოს ან ადგილობრივ თვითმმართველობებს. 2011-2013 წლებში გადაცემული მატერიალური ფასეულობის ღირებულება შეადგენს 228 მილიონ ლარს. იმის გათვალისწინებით, რომ ასოციაცია თავისი ძალებით ახორციელებს მშენებლობებს და კაპიტალურ შეკეთებებს, მშენებლობისთვის იყენებს ხის მასალას, რის შეძენაც ბაზარზე საკმაოდ შეზღუდული იყო, ასოციაცია კანონმდებლობის სრული დაცვით პერიოდულად წერილობით მიმართავდა გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, რათა შუამდგომლობა გაეწია საქართველოს მთავრობის წინაშე სამასალე მერქნის გამოყოფის შესახებ. საქართველოს მთავრობის განკარგულებების (განკარგულება #1779 07.09.2011 წელი; განკარგულება #1529 31.10.2013 წელი) საფუძველზე, 2011-2013 წლებში ამბროლაურის სატყეო უბანზე გამოგვეყო 20 000 კუბური მეტრი სამასალე მერქანი. დღეის მდგომარეობით ათვისებულია 15 000 კუბური მეტრი.

კანონმდებლობის სრული დაცვით, ხეების დანომრვას და მარკირებას ახორციელებს შესაბამისი რეგიონალური სამსახური, ხოლო ზედამხედველობას ახორციელებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეგიონალური სამსახური. ეტაპობრივად მოპოვებამდე წინასწარ ვიხდით ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელს 1 კუბურ მეტრზე 15 ლარის ოდენობით და მომსახურების საფასურს 3 ლარის ოდენობით.

მერქნის მოპოვებას თან სდევს ტყის დასუფთავება და მოპოვების შედეგად მიღებული საშეშე მასალის ამბროლაურის რაიონის მუნიციპალიტეტისათვის უსასყიდლოდ გადაცემის პროცესი, რაც დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტებით. სულ 2011-2013 წლებში გადაცემულია 1638 კუბური მეტრი საშეშე მასალა.

სამასალე მერქნის გადამუშავებისას მიღებული დახერხილი ხის მასალა სრულად გამოყენებულია ზემოთ მითითებული ობიექტების მშენებლობასა და რეკონსტრუქციისათვის. აგრეთვე გადამუშავების პროცესში მიღებული საშეშე მასალა გადაცემულია უსასყიდლოდ საჩხერის რაიონის მუნიციპალიტეტზე სულ 1276 კუბური მეტრი", - ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.