ყაზბეგში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად მასში მყოფი სამი ადამიანი: ეკიპაჟის წევრები და მათთან ერთად მყოფი სასტუმრო "რუმს ჰოტელ ყაზბეგის" ერთი თანამშრომელი გარდაიცვალა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, კერძო ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.
„დაბა სტეფანწმინდაში მდებარე სასტუმროს, "რუმს ჰოტელ ყაზბეგის" კუთვნილი ვერტმფრენი - ე.წ. "ყანების ტერიტორიაზე", დაუსახლებელ ადგილზე ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად ვერტმფრენში მყოფი სამივე ადამიანი: ეკიპაჟის წევრები და მათთან ერთად მყოფი სასტუმრო "რუმს ჰოტელ ყაზბეგის" ერთი თანამშრომელი გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები, პოლიციამ და ექსპერტ-კრიმინალისტებმა დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა“, - აღნიშნავენ უწყებაში.
ფოტოები "ინტერპრესნიუსს" შემთხვევის ადგილიდან მიაწოდეს.