ჩინურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, კომპანიამ Huawei-მ ხელი მოაწერა რუსულ ტელეკომუნიკაციების კომპანია MTS-თან რუსეთში 5G ტექნოლოგიის განვითარების შესახებ შეთანხმებას - იუწყება AFP.
კომპანიები ახალი თაობის 5G ქსელს 2019-2020 წლის განმავლობაში რუსეთში შექმნიან. ხელშეკრულებას თანხმობა მისცა ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა რუსეთში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში.
აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულება გაფორმდა იმ ფონზე, როცა ჩინურ კომპანიას სერიოზული პრობლემები შეექმნა დასავლეთთან, მას შემდეგ, რაც ის აშშ-მა შავ სიაში შეიყვანა. ახლა კი ეს შეთანხმება ერთგვარი ამოსუნთქვასავითაა ჩინური კომპანიისთვის, რომელიც მძლავრი წნეხის ქვეშ იმყოფება ბოლო თვეების განმავლობაში. ის გახდა ასევე აშშ-ჩინეთს შორის სავაჭრო უთანხმოებებში მთავარი ფიგურანტი. შტატები აღნიშნულ კომპანიას მისი სუვერენიტეტისთვის საფრთხედ მიიჩნევს და მის მოკავშირეებს კომპანიის ბლოკირებისკენ მოუწოდებს. Huawei-ს ბლოკირება საკუთარ ქვეყნებში ასევე მოახდინეს ახალმა ზელანდიამ და ავსტრალიამ.
ექსპერტების ცნობით, აშშ-ის მხრიდან კომპანიის შავ სიაში შეყვანა ძალიან ცუდ გავლენას იქონიებს Huawei-ზე.