კონკურენციის სააგენტოს რითეილ და სადისტრიბუციო სექტორის შესწავლას სთხოვენ. ამის შესახებ დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ივა ჭყონიამ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
კერძოდ, მისი თქმით, დისტრიბუტორთა და მწარმოებელთა ასოციაციის მიმართვის საფუძველზე, პარლამენტმა უკვე გადააგზავნა წერილი კონკურენციის სააგენტოში, რომელიც სწავლობს ბაზარს, თუ რამდენად კაბალურ პირობებს სთავაზობენ ქსელური მარკეტები კომპანიებს, რამდენად აწუხებს ეს ბიზნესს (დისტრიბუტორებს, მწარმოებლებს) და შემდეგ უკვე ხელშეკრულებებშიც „ჩაიხედებიან“. ამასთან, ჭყონიას თქმით, ასოციაციის იურისტები აქტიურად მუშაობენ საკანონმდებლო ორგანოსთანაც, რათა მოხდეს გარკვეულწილად რითეილ სექტორის და გარკვეულწილად დისტრიბუტორთა რეგულირებაც.
როგორც ცნობილია, რითეილის ბაზარზე თამაშის თავისებური წესები მოქმედებს, რომლებსაც ისინი მწარმოებლებს უყენებენ. აღნიშნულის შესახებ „ბიზნესპრესნიუსი“ არაერთხელ წერდა. მათ შორის, ამ წესებს შორისაა პროდუქციის შეტანის გადასახადი (ე.წ. ლისტინგი), „ქეშბექი“, ექსკლუზიური ფასდაკლება, მარკეტინგული ბიუჯეტის შეთანხმება, გაყიდვების წინასწარ განსაზღვრული გეგმის შესრულება და ა.შ. სწორედ ამგვარი პირობების გამო, მცირე წარმოებას ქსელებში შესვლაზე პრობლემები ექმნებათ. თუმცა, დაზღვეული არც მსხვილი ბიზნესია.
„ძალაუფლება სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ხელშია, რის გამოც ისეთ ძლიერ კომპანიებსაც კი უჭირთ მათთან გამკლავება, როგორიცაა „კოკა-კოლა“, „პეპსი“, „სანტე“ და ა.შ. ყოფილა შემთხვევები, როცა ძლიერი კომპანიებიც კი ვერ უთანხმდებიან იმდენად კაბალურ პირობებს სთავაზობენ. მაგალითად, ყველასთვის ცნობილია „ორი ნაბიჯი“, სადაც წლებია „კოკა-კოლა“ არ არის წარმოდგენილი. ჩვენთვის ყველაზე აქტუალურია ეს პრობლემა, ამიტომ მნიშვნელოვანია არსებობდეს რეგულაციები, რომელიც ერთი მხრივ შეზღუდავს რითეილ სექტორს, მეორე მხრივ ჩვენ მიმართაც დაწესდეს რეგულაციები.
„გარკვეულ რეგულაციებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოსთან და კონკურენციის სააგენტოსთან აქტიურად ვმუშაობთ. ჩვენი მიმართვის საფუძველზე პარლამენტიდან უკვე გაგზავნილია წერილი და კონკურენციის სააგენტო შეისწავლის ბაზარს - თუ რამდენად აწუხებს აღნიშნული პრობლემა სადისტრიბუციო კომპანიებს, დაიწყებს მოკვლევას და შემდეგ ხელშეკრულებებშიც ჩაიხედება. ამის პარალელურად პარლამენტშიც მიმდინარეობს სამუშაოები და ჩვენი მხრიდან იურისტებიც არიან ჩართულნი,“-აღნიშნა ჭყონიამ.
როგორც კონკურენციის სააგენტოში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, რითეილ ბაზრის შესწავლასთან დაკავშირებით, მათ პარლამენტიდან უკვე მიმართეს. „პროცედურის დაცვით, შესაბამისი სუბიექტებიდან მოხდა ინფორმაციის გამოთხოვა, მასალების სრულყოფილად მიღების შემდეგ, განხორციელდება ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი. ინფორმაციის დამუშავების შემდგომ - სააგენტო დაიწყებს თუ არა საკითხის შესწავლას იქნება საჯარო და ყველას ეცნობება“, - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ კონკურენციის სააგენტოში.