„კოკა-კოლა“ „ორ ნაბიჯში“ ბრუნდება. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „კოკა-კოლა“ ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ განუცხადა.
მისი თქმით, კომპანიებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და დიდი ალბათობით, პროდუქცია „ორი ნაბიჯის“ დახლებს მიმდინარე წელს დაუბრუნდება.
თუმცა, როგორც თემურ ჭყონია განმარტავს, შეთანხმება არა ბიზნეს პრინციპების დათმობის, არამედ ურთიერთპატივისცემის ხარჯზე მოხდება.
„იმ მონაცემებით, რაც ჩვენ გვაქვს, „კოკა-კოლა“ არის ნომერ პირველი სასმელი მსოფლიოში და საქართველოში. სიმართლე გითხრათ, მე ვერც კი წარმომედგინა, რომ „ორ ნაბიჯთან“ ასეთი საკითხი დაისმებოდა - „კოკა-კოლა“ უნდა იყოს სავაჭრო დახლებზე თუ არა. ამ შემთხვევაში მომხმარებლის მოთხოვნილების გათვალისწინება არ მოხდა. თუმცა, ასეც ხდება ხოლმე.
ამჟამად გვაქვს რაღაც მოლაპარაკებები, მაინც ბიზნესია და რაღაცნაირად უნდა მოვერგოთ ერთმანეთს. საკმაოდ დიდი ქსელია, თავისი მომხმარებლები ჰყავს და ჩვენც უნდა ვიყოთ იქ. თუმცა არავითარ შემთხვევაში არ დავარღვევთ იმ ბიზნეს პრინციპებს, რაც გვაქვს. თუ გახსოვთ, ჩვენ „კარფურშიც“ არ შევდიოდით თვეების განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ უზარმაზარი ქსელია, სანამ ისეთი ურთიერთობა არ დავალაგეთ, რომ ყველასთვის სასარგებლო ყოფილიყო და არა დამამცირებელი, არ შევდიოდით. ამიტომ, „კოკა-კოლა“ შესაძლოა კი არა, აუცილებლად იქნება „ორ ნაბიჯში“, მივალთ ამ მომენტამდეც, მაგრამ ეს იქნება ურთიერთპატივისცემის ხარჯზე და არა პრინციპების დათმობის. დავთმობთ იმ დონემდე, რა დონემდეც ჩვენს თავმოყვარეობას, ბიზნესს, შემოსავლებს და პრესტიჟს შეეფერება“,- აცხადებს თემურ ჭყონია.
რაც შეეხება „კოკა-კოლას“ „ორ ნაბიჯში“ დაბრუნების ვადებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, ბიზნესმენი პასუხობს - „კონკრეტული ვადების დასახელება მიჭირს, მაგრამ ამ წელს იქნება“.
ცნობისათვის, „ორ ნაბიჯში“ „კოკა-კოლა“ თითქმის ერთი წელია აღარ შედის. მიზეზი კომპანიებს შორის ურთიერთმისაღებ პირობებზე შეუთანხმებლობა გახდა.