რა მოგებაზე მუშაობს „ლილო მოლი“ და როგორია მისი შემოსავლები

საცალო ვაჭრობა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სექტორია, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში ზრდის ტემპით გამოირჩევა.

ზრდის საშუალო წლიური მაჩვენებელი 2012-2016 წლებში 8% შეადგინა. სექტორის ერთ-ერთი მოთამაშე არის შპს „ლილო მოლი“.

„ბიზნესპრესნიუსი“ შეეცადა, ფინანსური ანგარიშგებების ვებგვერდზე გადაემოწმებინა, თუ როგორია კომპანიის შემოსავლები და მოგება.

როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, კომპანია მე-2 კატეგორიაშია, რაც ნიშნავს, რომ თითოეულის აქტივების ჯამური ღირებულება - 10 მილიონი ლარიდან 50 მილიონ ლარამდე; შემოსავალი - 20 მილიონი ლარიდან 100 მილიონ ლარამდე; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 50-დან 250 ადამიანამდე არის.

რაც შეეხება „ლილო მოლის“ ფინანსურ მაჩვენებლებს, როგორც კომპანიის კონსოლიდირებული ანგარიშგებიდან ირკვევა, მისი შემოსავალი 2017 წელს 2016 წელთან შედარებით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ანგარიშგება მოიცავს „ლილო მოლის“ შვილობილი კომპანიების („ლილო კაპიტალი“, „ლილო ტვ“, „ლილო ჩარტერი“, „ლილო პროდაქტ სერვისი“) მაჩვენებლებსაც.

კონსოლიდირებული ანგარიშგების თანახმად, „ლილო მოლის“ წმინდა შემოსავალი 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 31 339 413 ლარი, ხოლო 2016 წელს - 28 324 887 ლარი იყო. რაც შეეხება მოგებას, კომპანიის წლიური წმინდა მოგება 2017 წელს - 21 149 743 ლარი; ხოლო 2016 წელს - 14 353 986 ლარი იყო. მოგების გადასახადის ხარჯმა კი 2017 წელს - 396 951 ლარი, 2016 წელს კი 1 697 256 ლარი შეადგინა. ამასთან, როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „ლილო მოლის“ საკუთრებაში 37 345 244 ლარის აქტივები იყო.

რაც შეეხება ვიზიტორებს, ანგარიშგების თანახმად, 2016 წლის სექტემბრიდან 2017 წლის აგვისტომდე ,,ლილომოლს“ 3 784 286 ადამიანი ესტუმრა: აქედან - საკუთარი ავტომობილით - 2 199 350, სამარშრუტო ტაქსით კი - 584 936. ამას ერთვის ,,ლილომოლის“ იმ მოიჯარეთა რაოდენობაც, რომლებიც სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებით მოდიან სამუშაო ადგილებზე, რაც თვის განმავლობაში, დაახლოებით, 330 000 ვიზიტია.

ცნობისთვის, შპს „ელსავაკო“ 1995 წლის 21 დეკემბერს დარეგისტრირდა. 2011 წლის მაისში კი შეიცვალა სახელწოდება და გახდა შპს „ლილო მოლი“. 2008 წლის დეკემბერში კომპანიამ მოადინა შერწყმა შპს „სეტ-ლი“, ხოლო 2014 წლის 2 მარტს - შპს „გიდარა“. 2017 წლის 31 დეკემბერს დასრულებული წლისათვის კომპანიაში დასაქმებულთა რიცხვმა - 342 ადამიანი შეადგინა.

რაც შეეხება მფლობელებს, შპს „ლილო მოლის“ 1%-1%-იან წილებს - ლევან გაგუა, ნიკოლოზ უსანეთაშვილი, მარიკა გავაშელი, ბაჩო კაპანაძე, 8.525%-იან წილს - კონსტანტინე კაპანაძე; 2.285%-იან წილს - დავით გავაშელი; 2%-იანი წილს დავითი გაგუა ფლობენ. კომპანიის 14.285% - 14.285% გია ანდღულაძესა და იოსებ საყვარელიძეს, 0.5% - ილია ბადრიაშვილს; 11.285% - გიორგი გაგუას; 11% - თენგიზ გავაშელს; 13.285% - ვაჟა უსანეთაშვილს; 13.79% - ილია შონიას და 4.76% - დავით კაპანაძეს ეკუთვნის.

თაია არდოტელი