ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იყო, არის და იქნება სტრატეგიული პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
ეკონომიკის მინისტრმა ანაკლიის პორტზე საუბრისას აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერა ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ საქმითაც არაერთხელ დადასტურდა და ეს პროექტი პრიორიტეტულია.
„პირველ რიგში, ცალსახად მინდა ვთქვა, რადგან ბოლო დროს რაღაც მოსაზრებებს და სპეკულაციებს ვისმენდით ამ საკითხზე. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იყო, არის და იქნება სტრატეგიული პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის და რასაკვირველია, ეკონომიკის სამინისტროსთვის. ამას ჩვენ საქმით ვადასტურებთ, იმ დონეზე რა დონეზეც არცერთ ინფრასტრუქტურულ პროექტს არ ჰქონია სახელმწიფო მხარდაჭერა. მე არ დავიღლები და კიდევ ერთხელ ჩამოვთვლი იმ მხარდაჭერის ელემენტებს, რასაც ჩვენ ანაკლიის პროექტს და მის კერძო ინვესტორს ვთავაზობთ. ესაა 100 მილიონი დოლარის სუბორდინირებული სესხი, რომელსაც კომპანია მიიღებს, როდესაც თავის წილ ვალდებულებებს შეასრულებს ინვესტორი, ესაა 300 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლის განხორციელებაც უკვე დაწყებულია და ეს არაა მხოლოდ დაპირება, ეს კონკრეტული ვალდებულებაა. იგივე მოქნილი ვადები, თქვენ ალბათ კარგად მოგეხსენებათ, ამაზე ხშირად ვსაუბრობთ, რომ პირველი ვადა ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან სამუშაოების დაწყების და ფინანსური დახურვის მიღწევის, ჯერ კიდევ 2017 წლის ზაფხული იყო, იმის შემდეგ სახელმწიფომ რამოდენიმეჯერ გაითვალისწინა ინვესტორის თხოვნა და მოხდა ამ ვადის გადავადება და შესაბამისად, ჩვენ მათთან კვლავ ვიხილავთ ფინანსების მოზიდვის საკითხებს,“- აცხადებს მინისტრი.
ამასთან, ნათია თურნავა აცხადებს, რომ სახელმწიფომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვადების დარღვევისთვის დაკისრებული 11 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პირგასამტეხლო აპატია.
„სახელმწიფომ უკვე აპატია ინვესტორს 11 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის პირგასამტეხლო ვადების დარღვევის გამო. მაგრამ ეს არაა მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი შედგეს. რადგან ეს არაა მხოლოდ კომერციული პროექტი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ასევე ჩვენი სტრატეგიული მდებარეობის გამოყენებისთვის. ჩვენ დღეს გარკვეული კატეგორიის ტვირთებს ვკარგავთ, რომელიც ჩვენს საპორტო ინფრასტრუქტურაში გაივლიდა და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ანაკლიის პორტი დროულად ამოქმედდეს,“- განაცხადა მინისტრმა.
ცნობისთვის, პარლამენტში ამ წუთებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.