რამ გამოიწვია ლარის გამყარება?

”ქართული ვალუტის გამყარება დადებითი მოვლენაა”

დღეს, 9 აგვისტოს, თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის ვაჭრობის შედეგების მიხედვით, ქართული ლარის კურსი 1 აშშ დოლარის მიმართ 1.7274-ს გაუტოლდა. ბოლო ორი თვეა, რაც ჩვენმა ეროვნულმა ვალუტამ გამყარება დაიწყო: ივლისის ბოლოს 1 დოლარი 1.7418 ღირდა, ხოლო იმასაც თუ გავიხსენებთ, რომ იანვარში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ 1.7819 შეადგენდა, ლარის გამყარების ტენდენცია აშკარაა. ეროვნულ ბანკშიც აღიარებენ, რომ ლარის კურსი გამყარებისაკენ მიდის, თუმცა სამომავლო პროგნოზს ვერ აკეთებენ. სებ-ის წარმომადგებელთა თქმით, ვალუტის კურსი მოთხოვნა-მიწოდებაზეა დამოკიდებული და მომავალში რა იქნება, ძნელი სათქმელია. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჩვენს ქვეყანაში მცურავი გაცვლითი რეჟიმი მოქმედებს და ლარის კურსი პერიოდულად იცვლება ხოლმე.

რამ გამოიწვია ლარის გამყარება და რას უნდა ველოდოთ მომავალში? - ეს შეკითხვები დღეს ყველას აწუხებს. ამ საკითხზე სასაუბროდ BPN-მა ”საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის” თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს მიმართა.

რომან გოცირიძე: მიმდინარე წლის პირველი 7 თვის განმავლობაში ძალიან მყიფე წონასწორობა იყო სავალუტო ბირჟაზე, რადგან ეროვნული ბანკი არ ახორციელებდა ინტერვენციას: არც უცხოურ ვალუტას ყიდულობდა და არც ქართულ ლარს. ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ეროვნული ბანკი უცხოური რეზერვების გაზრდას ვერ ახერხებდა. საერთოდ, ბოლო წლებში ლარის მკვეთრი გამყარების ტენდენცია შეიმჩნეოდა იმიტომ, რომ უცხოური ვალუტის მიწოდება დიდი რაოდენობით ხდებოდა, მაგრამ შარშან, დეკემბერში, ლარის დევალვაცია დაიწყო. მისი მკვეთრი დაცემის თავიდან ასაცილებლად ეროვნულ ბანკს მარტო დეკემბერ-იანვარში 470 მილიონი დოლარის გაყიდვა დასჭირდა, რითაც ლარის მკვეთრი ვარდნა გააჩერა. შეიქმნა მეტნაკლებად კრიზისული მდგომარეობა იმიტომ, რომ დეკემბერ-იანვარში სებ-მა რეზერვების სახით უზარმაზარი თანხა - 470 მილიონი დოლარი დაკარგა. თუ შარშანდელ მონაცემებს შევადარებთ, აშკარაა, რომ ერთი წლის განმავლობაში ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები ძალიან შემცირდა. ეს გამოწვეული იყო ლარის დევალვაციის თავიდან აცილების მცდელობით და კიდევ - ბიუჯეტის არასწორი დაგეგმვით.

-ბატონო რომან, რას გულისხმობთ "ბიუჯეტის არასწორ დაგეგმვაში"?

- ხარჯების დიდი რაოდენობა გაწეული იყო ნოემბერ-დეკემბერში და სწორედ მაშინ ბიუჯეტი 600 მილიონი ლარით გაირღვა, მთავრობამ დახარჯა ფულის ნაშთი, რომელიც მას ჰქონდა ეროვნული ბანკის ანგარიშზე, ანუ დახარჯა წინა მთავრობის მიერ დაგროვილი ფული - დაახლოებით 1 მილიარდი ლარის ოდენობით. ჩვენი ვალუტის დიდი რაოდენობით მიწოდებამ ლარის დევალვაცია და რეზერვების მნიშვნელოვანი შემცირება გამოიწვია. სხვათა შორის, რასაც ახლა გეუბნებით, იგივე ითქვა საერთაშორისო-სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც წინა კვირაში გაიმართა. რადგან მთავრობა განიცდის სავალუტო შიმშილს, საქართველოს მთავრობას გამოეყო 154 მილიონი დოლარის ოდენობის სესხი. სწორედ ამ სესხის გამოყოფისას ითქვა, რომ აღარ უნდა განმეორდეს ის, რაც მოხდა - ეროვნული ბანკის რეზერვების შემცირება არ უნდა გახდეს ეროვნული ვალუტის დევალვაციის მიზეზი. წინა კვირაში კიდევ ერთი სასიამოვნო ფაქტი მოხდა: ეროვნულმა ბანკმა ზედიზედ ორჯერ შეისყიდა 20-20 მილიონი დოლარი, რაც იმას ნიშნავს, რომ დოლარის მიწოდება არის ჭარბი და ამის გამო ლარმა გამყარება დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 40 მილიონი დოლარის შესყიდვას მოჰყვა ის, რომ ამ ეტაპზე აშკარად აღინიშნება ლარის გამყარების ტენდენცია, რაც პირველ რიგში სეზონური ფაქტორითაც არის განპირობებული - კერძოდ, ტურისტული შემოსავლების ზრდით. ლარის გაუფასურება გამოწვეული იყო ინესტიციების შემოდინების დაბალი ტემპითაც. ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოში შეფერხებით მიმდინარეობდა, რის გამოც კერძო სექტორში ვერ შემოდიოდა ინვესტიციები და უცხოური ვალუტა.

- ჩვენს საზოგადოებას, ბუნებრივია, აწუხებს შემდეგი კითხვა: ლარის გამყარების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება?

- ამის განსაზღვრა წინასწარ ძნელია, თუმცა გაგრძელდება თუ არა ლარის გამყარება მომავალში, ორ რამეზეა დამოკიდებული: როგორი იქნება ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინება მას შემდეგ, რაც ტურისტული სეზონი გადაივლის და მეორე: შეძლებს თუ არა მთავრობა ბიუჯეტის თანაბარზომიერ ხარჯვას და საბიუჯეტო შემოსავლების სრული ოდენობით მობილიზებას. ფაქტია, რომ სასტარტო მდგომარეობა დღესდღეობით ძალიან კარგი გვაქვს. ზოგიერთები რატომღაც საფრთხედ მიიჩნევენ ლარის გამყარებას, რაც ჩემთვის მიუღებელი აზრია. ჩვენ უნდა ვიცოდეთ: საქართველო არის ქვეყანა, სადაც ინფლაციის მუდმივი საფრთხე არსებობს. ამიტომ, თუ ეროვნული ვალუტა მყარდება, ეს მისასალმებელია. ამავე დროს, სეზონური ინფლაცია საშიში არ არის, მაგრამ ყოველთვის გამოჩნდებიან ვაი-ექსპერტები, რომლებიც ლარის გამყარებისას განგაშს ისევე ატეხენ, როგორც მისი გაუფასურებისას. რა თქმა უნდა, ჩნდება ეჭვი- ტურისტული სეზონი რომ ჩაივლის, ისევ ლარის გაუფასურება ხომ არ დაიწყება? - ეს ორ რამეზეა დამოკიდებული: მთავრობამ ზამთრის მოახლოებამდე უნდა მოასწროს ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის თანხის გამოყოფა და ბიუჯეტის დროული შესრულება, მეორეს მხრივ, ძალზე მნიშვნელოვანია ინვესტიციების შემოდინება. მათი შემოსვლის მთავარი წყარო კი პოლიტიკური სტაბილურობაა. დღეს საქართველოში სრულიად საპირისპირო ფონია: ქვეყანა ვერ დამშვიდდა და ვერ შეიქმნა ნორმალური ფონი ბიზნესის განვითარებისათვის. ჩვენს ეკონომიკაზე რა თქმა უნდა, საგარეო-პოლიტიკური პროცესებიც მოქმედებს: მათ შორის, რუსეთსა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, რადგან ორივე ეს ქვეყანა ჩვენი მთავარი პარტნიორია. მიუხედავად ყველაფრისა, ლარის გამყარების ტენდენცია აშკარაა და ეს დადებითი პროცესია. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ინვესტიციების შემოდინებაზე. ჩემი აზრით, საქართველოსათვის ტურიზმის განვითარებასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. არსებობენ ქვეყნები, რომლებსაც წარმოება საერთოდ არა აქვთ, მაგრამ ტურიზმის სექტორი მათთვის უცხოური ვალუტის სერიოზული წყაროა. ასეთი ქვეყანაა, მაგალითად, კვიპროსი. ტურიზმი უნდა გახდეს ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგი. იმისათვის, რომ ეს სფერო წინ წავიდეს, ჩვენთან უცხოური ვალუტაც შემოვიდეს და ლარიც სტაბილური იყოს, საქართველოსთვის მშვიდი და სტაბილური ქვეყნის იმიჯი აუცილებელია.

ხათუნა ჩიგოგიძე