ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის პროექტი არის პრიორიტეტი და არცერთი ისეთი გადაწყვეტილება არ მიგვიღია, რაც ანაკლიის პროექტს დააზარალებს, - ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ოპოზიციონერი დეპუტატის სალომე სამადაშვილის შეკითხვის პასუხად განაცხადა.
თავის მხრივ სამადაშვილი დაინტერესდა, დააფრთხო თუ არა ინვესტორები და დააზარალა თუ არა ანაკლიის პორტი იმ ინფორმაციის გაჟონვამ, რომ არსებობს კონკურენტი პროექტი ფოთის პორტის სახით.
ნათია თურნავამ სამადაშვილის პასუხად კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ფოთის პორტთან დაკავშირებით გაიცა მიწათსარგებლობის დოკუმენტი, რაც მშენებლობის დაწყების წინაპირობა არ არის და ეს დოკუმენტი გაუქმებულია.
„ანაკლიის პროექტს ვერავინ ვერ დააზიანებს, რადგან მას გვერდით სახელმწიფო უდგას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მინისტრის პასუხი სალომე სამადაშვილისათვის არადამაკმაყოფილები აღმოჩნდა. დეპუტატმა თურნავას დღევანდელ მოხსენებას „სულელური პრეზენტაცია“ უწოდა.