ყოველი მეხუთე ადამიანი ლომბარდს არის მიჯაჭვული

"არ არსებობს ნივთი, რომლის დალომბარდებაც არ მიცდია”

"საქართველოში ყოველი მეხუთე ზრდასრული ადამიანი ლომბარდის მომხმარებელია. ქართველი სოციოლოგები სალომბარდო მომსახურების მიმართ მოქალაქეების ასეთ დამოკიდებულებას ფინანსური რისკების გაუცნობიერებლობას მიაწერენ, რაც მძიმე სოციალურ ფონს ქვეყანაში კიდევ უფრო აღრმავებს. მაღალი წლიური საპროცენტო განაკვეთის მიუხედავად, მოსახლეობაში "იაფი ფულისადმი" ინტერესი არ ნელდება. მართალია, შარშანდელთან შედარებით, ლომბარდებში საპროცენტო განაკვეთები შემცირდა, მაგრამ ამ დრომდეც ძალიან მაღალ ნიშნულზეა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ყოველი მეხუთე ადამიანი ლომბარდს არის მიჯჭვული / "არ არსებობს ნივთი, რომლის დალომბარდებაც არ მიცდია".

"სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ამ სეგმენტში სესხის საშუალო წლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 54,1%-ით განისაზღვრება. შარშან ლომბარდების საშუალო პროცენტი 61,7% იყო, უცხოურ ვალუტაში კი - 48,3%. 2013 წლის ბოლოს საქართველოში სალომბარდო საქმიანობით 1031 ორგანიზაცია იყო დაკავებული. ლომბარდების კლიენტების რაოდენობამ 682 ათას ადამიანს მიაღწია. აქედან, აბსოლუტური უმრავლესობა (დაახლოებით 99,8%) ფიზიკური პირია. ხოლო გაცემული სესხების მოცულობა 311 მლნ ლარამდეა. საქართველოში 18 წელს ზემოთ მყოფი პირების ოდენობა 3,5 მლნ-ს შეადგენს. მათგან 700 ათასამდე ლომბარდის კლიენტია, გამოდის, რომ ქვეყანაში მცხოვრები ყოველი მეხუთე მოქალაქე ლომბარდს არის მიჯჭვული. სტატისტიკამ აჩვენა, რომ ლომბარდების მომსახურების მხრივ თბილისი ლიდერობს. დედაქალაქში ლომბარდების სერვისით მომხმარებელთა 60%-მა ისარგებლა. 12% - იმერეთის რეგიონზე, 11% - აჭარაზე, 8% - სამეგრელო-ზემო სვანეთზე, 4% - ქვემო ქართლზე, 2% - შიდა ქართლზე, 2% - კახეთზე, ხოლო 1% გურიაზე მოდის", - აღნიშნავს გამოცემა.

ეკონომიკური დარგის სპეციალისტები ხელისუფლებისგან აუცილებელი ზომების მიღებას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ საზოგადოება სერიოზული პრობლემის წინაშეა. მათი განცხადებით, სახელმწიფომ და ეროვნულმა ბანკმა უნდა შემოიღონ რეგულაციები, რაც სალომბარდო ბიზნესში "თამაშის წესებს" განსაზღვრავს. ექსპერტი სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში ნოდარ კაპანაძე ფიქრობს, რომ ლომბარდების მიმართ ასეთ დამოკიდებულებას ძალიან დიდი რისკი ახლავს, რომელსაც მოქალაქეები ვერ აცნობიერებენ. "ქვეყნისთვის ნამდვილად ცუდია, როდესაც სალომბარდო მომსახურების გამოყენებით ხალხი ფინანსური პრობლემების მოგვარებას ცდილობს. წმინდა სოციალურ-ფსიქოლოგიური საკითხია, საქმე გვაქვს ნებისმიერი საშუალებით გარკვეული რისკის გაუცნობიერებლობასთან. ამას დავარქმევდი ნაკლებრისკიანი ფინანსური გარემოდან მაღალი რისკის გარემოზე გადასვლის აუცილებლობას. მოსახლეობა მოსალოდნელ შედეგს წინასწარ არ ითვლის. ამიტომ უჭირს სესხის დაბრუნება და კარგავს ქონებას. საზოგადოება გამოვიდა იმ პერიოდიდან, როდესაც სახელმწიფოს ჰქონდა მოქალაქეების ვალი. სხვა რეალობაა, რასაც ვერ აცნობიერებენ", - აცხადებს კაპანაძე და დასძენს, რომ მოსახლეობა ინფორმაციულ ვაკუუმშია, რის გამოც მოსალოდნელი საფრთხის შესახებ წარმოდგენა არ აქვს და ამით უკანასკნელ ქონებასაც კარგავს.

"პრობლემა ისაა, რომ ქვეყანაში არავინ ზრუნავს იმაზე, რომ აუხსნან ადამიანებს ერთი მარტივი ჭეშმარიტება - სალომბარდო ბიზნესში არ არის იაფი ფული! მოსახლეობის მოთხოვნა განსაზღვრული არ არის, მაგრამ მათი მსყიდველობითი უნარი ნამდვილად შეზღუდულია და ეს უნდა გააცნობიერონ. პრობლემა არ არის მხოლოდ ის, რომ საქართველოში განათლების დაბალი დონეა, უბრალოდ, ხალხი განსხვავებულ სამომხმარებლო კულტურასაა მიჩვეული. ორგვერდიან ქაღალდზე დაბეჭდილ წვრილი ასოებით შედგენილ ხელშეკრულებას ისე აწერენ ხელს, რომ არავინ კითხულობს - არც თანხის მიმღები და არც მისი გამცემი. ცხადია, ლომბარდში ადამიანებს მოსალოდნელ საფრთხეზე არავინ ესაუბრება. ამიტომ წესები სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს. მარტო სტატისტიკა არაფერს მოგვცემს, მოსახლეობას აქვს სერიოზული პრობლემა და შველა სჭირდება. ელემენტარულად, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, რომ ფინანსური რისკის შესახებ მეტი იცოდეს", - აცხადებს ნოდარ კაპანაძე.

საბანკო სფეროს ექსპერტი ლია ელიავა პრობლემის შეფასებისას გაცილებით შორს მიდის და აცხადებს, რომ ლომბარდების მიმართ უზომოდ მაღალი დამოკიდებულება ერის ტრაგედიაა. მისი თქმით, საქართველოში ლომბარდების საქმიანობა რეგულირების სფეროდან ამოვარდნილია და სახელმწიფოს ამ მხრივ რეგულაციების დროულად მიღება მოუწევს, სანამ ხალხი კიდევ უფრო არ გაღარიბდება. "ვფიქრობ, ეროვნული ტრაგედიაა, როდესაც ყოველი მეხუთე ადამიანი ლომბარდის მომხმარებელია. მათ უმეტესობას სახლიდან ნივთი გამოაქვთ მხოლოდ იმის გამო, რომ პური იყიდონ და არ აშიმშილონ ბავშვი. ასეთი შემთხვევა ბევრი ვიცი. ამ კატასტროფას ემატება მეორე უბედურებაც - ლომბარდების მაღალი საპროცენტო განაკვეთები, რომ ღარიბი ადამიანი ჩავარდეს ვალში და კიდევ უფრო გაღარიბდეს. სოციალურად ამის აღქმა ძალიან ძნელია, რასაც ვერც ხელისუფლება და ვერც ეროვნული ბანკი ვერ შველიან. საქართველოში ლომბარდების საქმიანობა რეგულირების სფეროდან ამოვარდნილია. მეტიც, ამ საქმიანობას ეწევიან კომერციული ბანკებიც, რაც ამ სექტორისთვის არატრადიციული სფეროა", - განმარტავს ელიავა. ის მიიჩნევს, რომ რეგულაციების შემოღება პრობლემებს დიდწილად მოაგვარებს, რაც საბოლოოდ საპროცენტო განაკვეთების შემცირებაზეც აისახება.

"სალომბარდო დავალიანება მძიმე სოციალურ ფონს ქმნის, სერიოზული სისტემური ცვლილებებია გასატარებელი. ერთის მხრივ, ლომბარდები ხელს უმართავენ გაჭირვებულ ადამიანებს, მაგრამ ეს არის დროებითი ზომა, დაკარგული ფული, რომელიც არაფერში ადგება მოსახლეობას. მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა უნდა მიიღონ ზომები და ლომბარდები, სხვა ჩრდილოვან ბანკინგთან ერთად, რეგულირების ქვეშ მოექცეს. ასეთი მიდგომა საბოლოოდ პრობლემის გამოსწორებას გამოიწვევს და მავანის მხრიდან მადის შემცირებასაც. ახლა რაც ხდება, ერის ტრაგედიაა", - აცხადებს ექსპერტი.

როგორც ”რეზონანსი” წერს, ის, რომ ლომბარდებში სტუმრობა ხშირად უწევთ, ამას არც მომხმარებლები მალავენ. ზოგიერთ მათგანს ერთ ლომბარდთან ორი ან მეტი ვალდებულებაც აქვს. "ოჯახში, როგორც კი ფინანსური პრობლემა გაჩნდება, სალომბარდო სესხს ვიღებთ, ძირითადად, ოქროულობას ვალომბარდებ. ამ ეტაპზე ერთ ლომბარდთან 3 ვალდებულება მაქვს და პროცენტის გადახდა თვის განმავლობაში სამჯერ მიწევს. ეს უხერხული სიტუაციაა, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. მწირი შემოსავალი მაქვს და ლომბარდს ვარ მიჯაჭვული. ხშირად არის ხოლმე, რომ გამოტანილ ნივთს ერთ თვეშივე უკან ვაბრუნებ", - ამბობს ირმა შველიძე, მომხმარებელი.

"არ არსებობს ნივთი, რომლის დალომბარდებაც არ მიცდია. ერთხანს მობილურ ტელეფონებს ვალომბარდებდი, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ოქროულობის ჩაბარება მიწევს - კომპიუტერიც კი ჩამიბარებია. ბოლო დროს ლომბარდებმა საპროცენტო განაკვეთები შეამცირეს, ჯარიმებიც აღარ აქვთ და მათ მიმართ ინტერესმაც მოიმატა. ახლა მხოლოდ ოქროულობა მაქვს ჩაბარებული. წლის ბოლომდე ვერ გამოვიტან, ამისთვის კი ყოველთვიურად 60 ლარიან პროცენტს ვიხდი. ჩემ ირგვლივ იშვიათად მოიძებნება ოჯახი, რომელიც ლომბარდის მომსახურებით არ სარგებლობს. ვერავინ გაექცევა რეალობას, რომ ქვეყანაში გაჭირვებაა და ხალხს სხვა გამოსავალი არ აქვს", - ამბობს დათო გულიაშვილი, ლომბარდის მომხმარებელი.