უკრაინელები სოფლის მეურნეობის სფეროში საქართველოს გამოცდილებას ეცნობიან

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს უკრაინის დელეგაცია ეწვია.

მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოს სამუშაო ვიზიტით უკრაინის დელეგაცია სტუმრობს, რომელსაც უკრაინის სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ინსპექციის თავმჯდომარე ნიკოლაი პოედინოკი ხელმძღვანელობს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში არსებული საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის, ღვინისა და ღვინომასალების წარმოების კონტროლის სისტემის და სერთიფიცირების მეთოდების გაცნობა, ევროკავშირის ბაზარზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გატანის გამოცდილების გაზიარება და დარგთან დაკავშირებული სხვა საკითხების განხილვაა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიმართა ორი პრეზენტაცია: ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული "მეღვინეობის ხარისხის კონტროლის სისტემა და კანონმდებლობა" და სურსათის ეროვნული სააგენტოს პრეზენტაცია - "ღვინისა და ღვინომასალების უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი".

შეხვედრის განმავლობაში უკრაინელ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ქართველი კოლეგებისგან ყველა მათთვის საინტერესო კითხვაზე მიეღოთ პასუხი.

"ჩვენი ვიზიტის ძირითადი მიზანია გამოცდილების გაზიარება იმ სფეროებში, რომლებსაც საქართველოში განვითარების მდიდარი ტრადიცია აქვს. ჩვენი ინტერესი ძირითადად მიმართულია მეღვინეობა-მევენახეობაზე", - განაცხადა ნიკოლაი პოედინოკმა.

უკრაინის დელეგაციის წევრებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ დაათვალიერებინა მცხეთის რაიონის სოფელ ჯიღაურაში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, სადაც ვაზისა და ხილის ადგილობრივი და ევროპული ჯიშების უნიკალური კოლექციაა დაცული.

სტუმრებმა დაათვალიერეს ვირუსების ტესტირების თანამედროვე ლაბორატორია, სადაც უახლესი ტექნოლოგიებით ხორციელდება ვაზისა და ხეხილის ფიტოსანიტარიული კონტროლი. ასევე გაიმართა ადგილზე დამზდებული ღვინის დეგუსტაცია.

ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა მემორანდუმი სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და უკრაინის ვაზისა და ღვინის ინსტიტუტს შორის. აღნიშნული მემორანდუმი ორ უწყებას შორის სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით თანამშრომლობას ითვალისწინებს.