სავაჭრო ობიექტის  შემდეგ  „ცომი“ რესტორანსაც ხსნის - რატომ გადაწყვიტა კომპანიამ კიდევ ერთი  მაღაზიის გახსნა

კომპანია „ცომი“ საკუთარ რესტორანს ხსნის. ახალი კვების ობიექტი სახელწოდებით „სარაჯი“ თვის ბოლოს გაიხსნება და 27 ადამიანზე იქნება გათვლილი. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ნიკოლოზ სარაჯევი „ბიზნესპრესნუსთან“ საუბრისას აცხადებს, აღნიშნულ ტერიტორიაზე რესტორანთან ერთად, „ცომის“კიდევ ერთი საფირმო მაღაზია და მარანი განთავსდება, რომლის საშუალებითაც ადგილობრივი ღვინის პოპულარიზაცია მოხდება.

კომპანიამ „ცომი“ ხინკლის ცომის წარმოება 2017 წლის აგვისტოში დაიწყო. მისი დამფუძნებელი ნიკოლოზ სარაჯევი თავადაა მზარეულია. იდეა კი წარმოების დაწყებამდე ერთი წლით ადრე გაუჩნდა. მისი თქმით, მიზანი ხინკლის მოყვარულებისთვის შრომის შემსუბუქება იყო.

ამჟამად კომპანია უკვე 8 დასახელების პროდუქტს ამზადებს და გარდა ხინკლის ცომისა, მომხმარებელს პელმენის, ანტრიების, ბლინჩიკების, აჭარული ხაჭაპურის, პიცისა, აჩმის და ახლა უკვე ე.წ ვარენიკების ცომსაც სთავაზობს.

კომპანიამ გასულ წელს საწარმოსთან საკუთარი საფირმო მაღაზია იმ მიზეზით გახსნა, რომ სუპერმარკეტების ქსელში შესვლა, იქ არსებული კაბალური პირობების გამო ვერ შეძლო.

„მაღაზიათა ქსელებთან ურთიერთობისას ბევრი სირთულე შეგვხვდა. მოგეხსენებათ, ჩვენ დამწყები ბიზნესი ვართ და დღგ-ს არ ვიხდით, მაღაზიაში კი მოგების დანამატიც შედიოდა და დღგ-ც, რაც პროდუქციის სარეალიზაციო თანხას ზრდიდა. რა თქმა უნდა, ეს არ გვაწყობდა. გარდა ამისა, 2-3 თვის მერე ხდება ანგარისწორება. ასევე პრობლემა იყო დაზიანეული პროდუქტი, მომხარებელი დააზიანებს თუ მომსახურე პერსონალი, ამას არ აქვს მნიშვნელობა. მოკლედ, ბევრ სირთულეს წავაწყდით. ამიტომ გადავწყვიტეთ მაღაზიის გახსნა“,-აცხადებდა ნიკოლოზ სარაჯევი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას თითქმის ერთი წლის წინ.

როგორც დღეს ნიკოლოზ სარაჯევი ამბობს, აღნიშნული პრობლემა დღემდე გრძელდება და სწორედ ამიტომ, კიდევ ერთი მაღაზიისა და რესტორნის გახსნა გადაწყვიტა.

„27 ადამიანზე გათვლილი რესტორანი თვის ბოლოს, გორგასლის 11 ნომერში გაიხსნება, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული, ტრადიციული კერძები ჩვენებური ვერსიებით. ამასთან, აქცენტი გაკეთდება ადგილობრივი წარმოების ღვინოებზე. კერძოდ, რესტორანშივე გვექნება ჩვენი საფირმო მაღაზია და ქვედა სართულზე პატარა მარანი, სადაც ადგილობრივი მცირე მწარმოებლების ღვინოები გაიყიდება. ამ მიმართულებით სავრაუდო პარტნიორები, სულ ცოტა ხნის წინ ჩატარებულ ღვინის ფესტივალზე შევარჩიეთ. იქ ძალიან ბევრი საინტერესო მარნის ღვინო იყო წარმოდგენილი და საბოლოოდ რამდენიმე მათგანზე ჩამოვყალიბდებით“,-აცხადებს ნიკოლოზ სარაჯევი.

რაც შეეხება კვების ობიექტის საინვესტიციო ნაწილს, როგორც კომპანია „ცომის“ დაფუძნებელი აღნიშნავს, მისი დაფინანსება პირადი ხარჯებით ხდება, შესაბამისად, პროდუქციის მიმართულებით კომპანიას ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი სიახლე აქვს.

„პროდუქციაში დავამატეთ, ე.წ ვარენიკის ცომი, რომლითაც პატარა ხინკლებიც მზადდება. იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო პერიოდში ახალ ობიექტზე და წარმოების ზრდაზე აქტიურად ვმუშაობთ, პროდუქციის მიმართულებით მეტი სიახლე არ გვაქვს. თუმცა, ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ გასულ წელთან შედარებით, წარმოება 25-30%-ით გავზარდეთ“,- ამბობს ნიკოლოზ სარაჯევი.

კომპანია „ცომი“ ამ დროისთვის 5 ადამიანს ასაქმებს, თუმცა როგორც ნიკოლოზ სარაჯევი აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც რესტორანი გაიხსენება პირველ ეტაპზე, კიდევ 5 ადამიანი დასაქმდება.

ნინი ქეთელაური