ჰოსტელი რაჭაში, რომელიც ქორწილსაც დაგიგეგმავს და ოთხივე სეზონზე გიმასპინძლებს - რა ღირს ერთი ღამის გატარება „გარემოში“

იდეამ გაამართლა - ტყუპი დის მიერ გახსნილ ჰოსტელს რაჭაში ქართველი და უცხოელი დამსვენებლები წელიწადის ოთხივე სეზონზე სტუმრობენ.

„გარემო“ მირანდუხტ და თამარ დავითულიანებმა, ვაკო სუხაშვილთან ერთად, ამბროლაურის რაიონის სოფელ სადმელში ორი წლის წინ გახსნეს. ჰოსტელი ამბროლაურის ცენტრიდან ორ კილომეტრში და აეროპორტიდან 400 მეტრში მდებარეობს.

„გარემოში" როგორც ჰოსტელის, ასევე სასტუმროს ტიპის ოთახებია განთავსებული, ეზოში კი არის აუზი, ჰამაკები და მაგიდები.

როგორც „ბიზნესპრენიუსთან“ საუბრისას თამარ დავითულიანმა განაცხადა, „გარემოში“ არამარტო დასვენებისთვის ჩადიან, არამედ ქორწილებსაც კი იხდიან.

„ჩვენი სასტუმრო ორი წელიწადია, რაც არსებობს. ამ ხნის განმავლობაში საკმაოდ ცნობილი გახდა და ძალიან ბევრ დამსვენებელს ვიღებთ. ჩვენ ძირითადად „ფეისბუქ“ რეკლამით ვმუშაობთ და რა თქმა უნდა, ამით ძირითადად ახალგაზრდები არიან დაინტერესებულები. იკრიბებიან სამეგობრო, იხდიან დაბადების დღეებს, ასევე ჩვენთან გეგმავენ ქორწილებს და ა.შ. ჩვენ ვთავაზობთ ქორწილის ორგანიზებას, დიზაინს. საკმაოდ ბევრი ქორწილი გადავიხადეთ და დღესაც ზაფხულისთვის ბევრი ჯავშანი გვაქვს მიღებული. “ - აღნიშნა დავითულიანმა.

მისი თქმით, ჰოსტელს მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან ჰყოლია სტუმარი.

„ძალიან ბევრი მსურველი გვყავს საზღვარგარეთიდან, თუმცა ხშირად ვერ ვიღებთ, რადგან ადგილების რაოდენობა მოთხოვნასთან შედარებით ჯერ-ჯერობით ძალიან მცირე გვაქვს.

ისრაელიდან ოჯახებით ძალიან ბევრი სტუმარი ჩამოდის. ამერიკიდან და ავსტრალიიდანაც კი გვყოლია სტუმარი. ჩემი ტყუპისცალი, ვისთან ერთადაც ეს სასტუმრო გავხსენი, ცოლად ჩვენს ამერიკელ სტუმარს გაყვა. ასეთებიც ხდება.“ - განაცხადა მან.

ჰოსტელი „გარემოს“ შექმნის იდეა მოგზაურბის სიყვარულმა გადააწყვეტინათ და "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში მიღებული გრანტისა (12 500 ლარი) და პირადი რესურსების გამოყენებით, ჰოსტელი საკუთარი ძალებით ააშენეს.

„ჩვენი ერთი წლის განმავლობაში მოვახერხეთ, რომ ერთი პატარა 4-კაციანი კოტეჯი დაგვემატებინა, თუმცა საკმარისი მაინც არ აღმოჩნდა. მაგალითად, ეს თვე მთლიანად დაჯავშნილია. ჯავშნები აგვისტოს 23-მდე მაქვს მიღებული, თავისი ქორწლებთან ერთად. ამ ეტაპზე სასტუმრო 18 ადამიანზეა გათვლილი. რაც შეეხება ფასს, წელიწადის ნებისმიერ დროს 25-30 ლარია. ზაფხულში აუზი გვაქვს, ახალ წელს ვცდილობთ, სტუმრებს ისეთი გარემო შევუქნათ, რისთვის ჩვენთან კიდევ ჩამოვლენ.

ხშირად ამბობენ, რომ ჩვენთან ოჯახური გარემოა. ჩვენ უფრო ემოციური მარკეტინგი გვაქვს, რაც ძალიან ამართლებს. ვისაც მეგობრებთან ერთად, ინტერნეტის გარეშე განმარტოება მოუნდება, ჩვენთან უნდა ჩამოვიდეს. ინტერნეტი პრინციპულად არ გვაქვს, რადგან უნდა არსებობდეს სივრცე, სადაც რეალური ურთიერთობებისთვის უფრო მეტი დრო დაგვრჩება, ვიდრე ვირტუალური.“ - აღნიშნა დავითულიანმა.

ამ ეტაპზე სასტუმროში მხოლოდ თამარი და მისი მეუღლეა არიან დასაქმებულები. მისი თქმით, რაჭაში მუშახელის პოვნა ძნელია, რადგან რეგიონი იცლება.

„თუ ვინმეა რაჭაში დარჩენილი, ისინი უკვე დასაქმებულები არიან. ფაქტობრივად, თუ ვინმეს რაიმეს გაკეთება მოუნდა, თბილისში წავიდა. ვინც დავბრუნდით და ჩვენით ვცდილობთ, მხოლოდ ჩვენს თავზე ვართ დამოკიდებულები. რაც შეეხება ჩემს დას, ჯერჯერობით სულ მოძრაობაშია და ცდილობს იქიდან ადმინის ფუქნციები დამეხმაროს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დღის განმავლობაში ძალიან ბევრი პასუხის გაცემა გვიწევს.“ - აღნიშნა თამარმა.

ლიკა ამირაშვილი