25 მილიონი სამგზავრო ჩანთა ყოველწლიურად - რატომ კარგავენ ჩვენს ბარგს ავიაკომპანიები?

ავიაკომპანიები ყოველდღიურად გვიმტკიცებენ, რომ სულ უფრო ახალ და ინოვაციურ ხერხებს მიმართავენ, რათა მგზავრობისას ჩვენი ბარგი არ დაიკარგოს. მიუხედავად ამისა, ყოველწლიურად ათობით მილიონი სამგზავრო ჩანთა იკარგება.

რამდენჯერ გქონიათ შემთხვევა, რომ ბარგის „კარუსელთან“ ლოდინის შემდეგ, თქვენი ნივთები ვერ გიპოვიათ?

ამ უსიამოვნო შემთხვევით იწყება ან სრულდება ზოგიერთი ადამიანის მოგზაურობის ისტორია, რომლებიც დიდი სისწრაფით და გაბრაზებულები მირბიან ავიაკომპანიის წარმომადგენლებთან, რათა გაარკვიონ, სად გაქრა მათი ნივთები.

რატომ ვერ ახერხებს ავიაკომპანიები, გააკონტროლონ მგზავრთა ბარგი მაშინ, როცა ისინი უახლეს ტექნოლოგიებს იყენებენ თვითმფრინავების მართვისა და უსაფრთხოებისთვის?

არის თუ არა პროგრესი?

კომპანია Sita-ს ინფორმაციით, რომელიც საერთაშორისო IT პროვაიდერია და რომელიც მგზავრთა ბარგის გადაზიდვებს აკვირდება, 2007 წლის მაჩვენებლით დაიკარგა 46,9 მილიონი სამგზავრო ჩანთა, 2018 წლამდე ეს მონაცემი შემცირდა და მათი მონაცემებით, 2018 წელს სულ 24,8 მილიონი სამგზავრო ჩანთა დაიკარგა. ეს მაშინ, როცა თვითმფრინავით მოგზაურთა რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით თითქმის გაორმაგდა.

კომპანიებმა დროთა განმავლობაში სხვადასხვა ხერხს მიმართეს, რათა დაკარგული ბარგი ადვილად იპოვონ. ამერიკულმა კომპანია Delta-მ შტრიხკოდში, რომელსაც ბარგის სახელურზე აკრავენ, რადიოსიხშირის ინდიკატორი ჩაამონტაჟა. შემდეგ კი ბარგი ავტომატურად კომპიუტერით სკანირდება და მათი აღმოჩენა ძალიან მარტივია.

კომპანია Delta-ს გენერალური დირექტორის თქმით, მათი კომპანია წარმატებით უმკლავდება 99,9% ბარგს, რომელიც მგზავრობისას გადააქვთ.

კომპანია Sita-ს ინფორმაციით, ყველაზე მეტი სამგზავრო ჩანთა ერთი თვითმფრინავიდან მეორეში გადაჯდომისას იკარგება. თუ მგზავრი სწრაფად გარბის მეორე თვითმფრინავისკენ და უსწრებს მის რეისს, ხშირად სამგზავრო ჩანთების გადატანა მცირე პერიოდში ფიზიკურად ვერ ხერხდება. ჩანთების დაკარგვის ერთ-ერთი მიზეზი ავიაკომპანიის გადამზიდებია, რომელთაც ხშირად ჩანთები ერევათ ერთმანეთში და კიდევ, ხშირი შემთხვევაა, როცა მგზავრებს საკუთარის ნაცვლად, სხვისი ბარგი მიაქვთ.

სამგზავრო ბარგის დაკარგვის შემთხვევა იმ გადამზიდ კომპანიებსაც უკავშირდება, რომლებიც რამდენიმე ავიახაზს ემსახურება.

კომპანია Sita-ს განცხადებით, ყველაზე მეტი ბარგი ევროპაში იკარგება.

როგორც ცნობილია, ასოციაცია Iata-მ შეიმუშავა „რეზოლუცია 753“, რომელიც ავალდებულებს ავიაკომპანიებს გააძლიერონ უსაფრთხოება და გააკონტროლონ მგზავრთა ბარგი.

ალბათ, ყველას აინტერესებს, რა ბედი ეწია მათ დაკარგულ ბარგს... კომპანია Sita-ს წარმომადგენელთა განცხადებით, მგზავრთა დაკარგული ჩანთები 1 თვის განმავლობაში ავიაკომპანიის სპეციალურ საწყობში ინახება, შემდეგ ისინი ან მფლობელს უბრუნდება ან ნადგურდება ან აუქციონს გადაეცემა.

მოამზადა ეკა გადახაბაძემ