საბურთალოს გამგებელი საშაურმეების საკითხით დაინტერესებას გეგმავს

საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საშაურმეების საკითხით დაინტერესებას გეგმავს.

როგორც დღეს, თბილისის მერიაში გამგებლებისა და საკრებულოს მაჟორიტარების შეხვედრაზე ბექა მიქაუტაძემ განაცხადა, საბურთალოს რაიონში ზოგან საშაურმეები პირდაპირ ტროტუარზეა განთავსებული, რის გამოც ჩაკეტილია გზები.

"სოციალურთან ერთად დიდი პრობლემაა უკანონო მშენებლობები და გაცემული ნებართვები - საშაურმეები ტროტუარებზე, გაყიდული ტროტუარები და თითქმის ჩაკეტილი გზები. მე ვაპირებ, მოვინახულო ეს ადგილები და პირადად გავეცნო პრობლემებს. ხშირად, ე.წ. კანონიერი ნებართვა არსებობს, თუმცა დარწმუნდებით, რამდენად კანონიერია ეს ნებართვები, როცა რეალურად კორპუსებს შესასვლელი გზა აღარ გააჩნიათ", - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ და მედიის წარმომადგენლებს შესთავაზა, მასთან ერთად დაათვალიერონ ტროტუარებზე არსებული ტერიტორია.