„ეიპიემ ტერმინალსის“ გენდირექტორი - ველოდებით გაუქმებული ბრძანებით მონიჭებული უფლების აღდგენას

ველოდებით გაუქმებული ბრძანებით მონიჭებული უფლების აღდგენას,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალურმა დირექტორმა, კლაუს ლოურსენმა განუცხადა.

კითხვაზე, რა არის დაბრკოლება ფოთის ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის, კომანიის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ პროცესი პროგრესირებადია და დაბრკოლებები არ არის, ასევე აცხადებს, რომ ეკონომიკის მინისტრის მიერ გაუქმებული ბრძანების აღდგენის მოლოდინი აქვს.

„დაბრკოლებებზე არ ვსაუბრობთ, ეს განგრძობითი, პროგრესირებადი პროცესია. ორი რამ, რასაც ველოდებით, არის გაუქმებული ბრძანებით მონიჭებული უფლების აღდგენა, ვიცავთ რა ჩვენს კორპორაციულ პრინციპებსა და განსაკუთრებულ პატივს ვცემთ საქართველოს კანონმდებლობას და ვმოქმედებთ მასთან შესაბამისად. ასევე, როდესაც გვექნება შესაბამისი ნებართვა, ჩავატარებთ გარემოზე ზემოქმედების კვლევას, რომელიც ერთხელ უკვე გაკეთდა, თუმცა, ხელახლაა ჩასატარებელი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქისთვის. ამავდროულად, აქტიურად ვმუშაობთ „ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმთან“ გრძელვადიან კონტრაქტზე, მიდის აქტიური მოლაპარაკებები კომერციულ პირობებზე, სტანდარტებზე, უსაფრთხოებასა და სხვა კომპლექსურ საკითხებზე. როდესაც გარემოზე ზემოქმედების შეფასება გვექნება, ამ მრავალსაფეხურიანი პროცესის მორიგ ეტაპზე გადავალთ და ასე შემდეგ,“-განაცხადა კლაუს ლორსენმა „ინტერპრესნიუისთან“ ინტერვიუში.