ჩემი აზრით, არავინ ფიქრობს, რომ ქვეყანას ორი ღრმაწყლოვანი ნავსადგური სჭირდება. ამისთვის საკმარისი ტვირთი არ არსებობს,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალურმა დირექტორმა, კლაუს ლოურსენმა განუცხადა.
ამასათან, კითხვაზე, თუ ანაკლიის პორტი მანამდე აშენდება, ვიდრე „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ მშენებლობის ნებართვას მიიღებს, იქნება თუ არა ეს პრობლემა ფოთის პორტის პროექტისთვის, კლაუს ლოურსენი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია არა ის, რომელი პორტი აშენდება პირველი, არამედ ერთ-ერთი მხარისთვის დაბრკოლების შექმნა და მეორე მხარის მხარდაჭერის გაწევა.
„მნიშვნელოვანი დეტალია არა მხოლოდ ის, პირველი ვინ ააშენებს ნავსადგურს, არამედ ერთ-ერთი მხარისთვის დაბრკოლების შექმნა და მეორე მხარის მხარდაჭერის გაწევა. ეს ორი რამ უაღრესად მნიშვნელოვანია. თავისუფალი და სამართლიანი კონკურენტული გარემოს შექმნა და კონკურენციის შესახებ ქვეყნის კანონმდებლობის დაცვა, საქართველოს ევროკავშირთან შეთანხმების და სხვა ქვეყნებთან წარმატებული თანამშრომლობის ნაწილია და როგორც მესმის, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა ქვეყნის ინტერესებში შედის“, -აცხადებს კლაუს ლაურსენი.
მან ასევე ქვეყანაში სამართლიანი კონკურენციის არსებობის საჭიროებას გაუსვა ხაზი, რადგან ადგილობრივი ბიზნესმენებისთვის პრივილეგირებული პირობების შექმნა უცხოელი ინვესტორების დაეჭვებას იწვევს.
„ფიქრობ უაღრესად მნიშვნელოვანია გავითავისოთ, რომ ქვეყანაში უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი კონკურენცია. თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის არარსებობის პირობებში, ნებისმიერი ბიზნესმენი, რომელიც ფიქრობს ინვესტირებაზე უჩნდება ეჭვი, რამდენად ღირს კონკრეტულ ადგილას ინვესტიციის განხორციელება. ყველა, განსაკუთრებით კი უცხოელი ინვესტორი, დაფიქრდება, რატომ უნდა გააკეთოს ინვესტიცია ქვეყანაში, სადაც ადგილობრივი ბიზნესმენები იღებენ განსხვავებულ და უკეთეს პირობებს, მაშინ, როცა შესაძლებელია ამ ინვესტიციის რომელიმე სხვა ქვეყანაში ჩადება“, - აცხადებს ლოურსენი „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.