ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელი კომპანია, სს „ნენსკრა ჰიდრო“ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში მომხდარ ბუნებრივ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
სს „ნენსკრა ჰიდროს“ პრესსამსახურის ცნობით, კომპანიის ხელთ არსებული ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად მიმდინარე წლის 7 ივნისს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში მდინარე ნენსკრას შენაკადი - დევრულა ადიდდა. შედეგად დაზიანდა მასზე გამავალი ხიდი, რამაც მოძრაობის პარალიზება გამოიწვია. თუმცა ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია. სოფელ ქვემო მარღში კი, მდინარე მარღულაზე გამავალ ხიდზე უსაფრთხოების მიზნით მოძრაობა შეიზღუდა.
კომპანიის ინფორმაციით, ამ დროისთვის სს „ნენსკრა ჰიდროს“ თანამშრომლებს უწყვეტი კომუნიკაცია აქვთ ადგილობრივ მოსახლეობასთან, რათა საჭიროების შემთხვევაში დახმარება აღმოუჩინონ. ვითარების გასაცნობად ადგილზე გაემგზავრა სს „ნენსკრა ჰიდროს“ ხელმძღვანელობაც სრული შემადგენლობით. ამასთანავე, მობილიზებულია სს „ნენსკრა ჰიდროს“ სუბკონტრაქტორი კომპანიის - „ქართული სამშენებლო კონსორციუმის“ მძიმე ტექნიკა.
„სამომავლოდ ხეობაში კაშხლის არსებობა შესაძლებლობას მოგვცემს, მსგავსი სტიქიური მოვლენების შემთხვევაში მდინარის კალაპოტში წყლის ოდენობა ეფექტურად გაკონტროლდეს, რაც მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურისთვის ზიანის მიყენების რისკს მაქსიმალურად შეამცირებს“, – აცხადებს „ნენსკრა ჰიდროს“ ოპერაციების მართვის დირექტორი თეიმურაზ კოპაძე.
როგორც ცნობილია, 2018 წლის ნოემბრიდან სს „ნენსკრა ჰიდრო“ სოფელ ჭუბერში ნენსკრა ჰესის მშენებლობისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს ახორციელებს, რომელიც, მათ შორის, 5 ივლისის სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო მონაკვეთების რეაბილიტაციას, გაწმენდით და ნაპირსამაგრ სამუშაოებს მოიცავდა.
დღეის მდგომარეობით, სოფელ ტიტასთან დამაკავშირებელი გზის 211-მეტრიანი მონაკვეთი სრულად არის რეაბილიტირებული. დასრულდა ნაპირსამაგრი სამუშაოებიც.
გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში ნაწილობრივ რეაბილიტირდა სტიქიის შედეგად დაზიანებული ჭუბერის შემოვლითი გზა (945 მ): მდინარის კალაპოტი გაიწმინდა, არსებული გზა გაგანიერდა, გატარდა ნაპირსამაგრი ღონისძიებებიც.
სოფელ ლარი-ლარის გზის მიმდებარედ კი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მოეწყო გოფრირებული მილები და მავთულ-ბადე.
ამჟამად გზების რეაბილიტაციის ფარგლებში კაშხლის საპროექტო ტერიტორიამდე (14.400 კმ) სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება; ეწყობა ნაპირსამაგრი ქვაყრილი, იგება ხის დროებითი ხიდები, მდინარის კალაპოტი იწმინდება.