აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ირანის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა. ამჯერად, სანქცია დაეკისრა ირანულ კომპანია „PGPIC“ – „სპარსეთის ყურის ნავთობქიმიურ საწარმოს“.
კომპანიის გარდა, სანქციები დაეკისრა ასევე, აღნიშნული საწარმოს 39 შვილობილ კომპანიას და ნავთობის გამყიდველ აგენტებს.
აღნიშნული კომპანია ახორციელებს ირანის ნავთობქიმიური წარმოების პროდუქციის ექსპორტის ნახევარს და ამ დარგში ირანული წარმოების 40%-ს ფლობს.
ამერიკის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში ნათქვამია, რომ „PGPIC“ ფინანსურ დახმარებას უწევს კომპანიას, რომელსაც „ისლამური რევოლუციის დამცველთა კორპუსი“ აკონტროლებს და რომელიც აშშ-მა „უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად“ გამოაცხადა.