ამ განცხადებას შესწავლა უნდა, მაგრამ თუ იყო მოლაპარაკებები, ასეც ეტყობოდა ამას.
ყველას ეჭვი იმიტომ ჰქონდა, რომ ყველამ იცოდა ასეთი ტიპის გადაწყვეტილება რაღაც პროცესის ნაწილი იყო და არა ინდივიდუალურად აღმოცენებული რაღაც ერთი აქტი. ქალბატონმა ნათიამაც დაადასტურა, რომ ის ამის მოკვლევას აპირებს,- ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „ეიპიემ ტერმინალსის“ გენერალური დირექტორის მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუზე საუბრისას განაცხადა.
კითხვაზე, ხედავს თუ არა საჭიროებას, რომ პარლამენტში გიორგი ქობულიამ უპასუხოს შეკითხვებს კონრეტულად ფოთის პორტის საკითხთან დაკავშირებით, რომან კაკულიამ უპასუხა, რომ ინტერვიუს კარგად შეისწავლის და შემდეგ დააფიქსირებს პოზიციას, საჭიროა თუ არა ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას პარლამენტში მისვლა.
„თავად ბატონი გიორგი ქობულია კი წავიდა, მაგრამ ღია ადამიანია და მიუხედავად იმისა, რომ ასე უცნაურად განვითარდა ურთიერთობები არა მგონია, რომ რაღაცაზე უკან დაიხიოს და ხელმისაწვდომი არ გახადოს. ეს საკითხი მაინც მოითხოვს დაზუსტებას. საზოგადოება მოითხოვს ჩამოყალიბდეს სახელმწიფოს ხედვა ერთ პორტთანაც და მეორე პორტთანაც მიმართებაში. ვერ დარჩება ეს საკითხი ასე - გადავშალეთ ფურცელი და წავედით. ერთიც ძალიან მნიშვნელოვანია, მეორეც-ქალაქიც, პორტიც. ადამიანები არიან, რომლებიც ელოდებიან პორტის განვითარებას. მე მაინც მგონია, რომ ორივე პორტს თავისი ნიშა უნდა მოეძებნოს და ალბათ, ეს მომენტი შესაძლებელი იქნება“, -აცხადებს რომან კაკულია.
რაც შეეხება „ეიპიემ ტერმინალსის“ გენერალური დირექტორის ინტერვიუს იმ ნაწილს, როდესაც ის ამბობს: „ჩემი აზრით, არავინ ფიქრობს, რომ ქვეყანას ორი ღრმაწყლოვანი ნავსადგური სჭირდება. ამისთვის საკმარისი ტვირთი არ არსებობს“ და პარალელურად ანაკლიის პორტის ინვესტორების განცხადებას, რომ ორი ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ერთდროულად რენტაბელური თანაცხოვრება შეუძლებელია, რომან კაკულიას შეფასებით, აღნიშნულ საკითხში საზოგადოებამ დრო უნდა მისცეს ხელისუფლებას, რადგან ყველასთვის ბევრი სიახლე იყო, თუმცა „დიდი საამაყო ალბათ, ვერაფერია ამაში“.
„მას შემდეგ რაც მე მოვედი ამ გუნდში, კვირიკაშვილიდან დაწყებული ვიცოდი, რომ ანაკლიის პორტი იყო პრიორიტეტი. ფოთი თავის ადგილას იდგა, ცნობილი იყო მისი ისტორია, მისი მცდელობებიც. ვერ გადავუხვევთ ჩვენ ვერსად და საბოლოო ჯამში, პოზიციის დაფიქსირება ორივე პორტთან მიმართებაში... ამ ეტაპზე უნდა ვენდოთ იმას, ვისაც აქვს ჩაბარებული ეს ამბავი. ქალბატონი ნათია თურნავა ახალი დანიშნულია, ქალბატონმა მაიამაც (ცქიტიშვილმა) გააკეთა განცხადებები. მე დაველოდები ამ განცხადებების უკან რა შინაარსი შევა. მათ თქვეს, რომ მოკვლევა გაკეთდება. მარტო იმის მოკვლევა არ ეყოფა საქმეს, ვინ ვის რა უთხრა და ვინ ვის რატომ შეპირდა რამეს. ამის შემდეგ აუცილებლად სათქმელი იქნება მოტივაციები და შინაარსი, რა პერსპექტივაზე გათვლით იყო ეს ნათქვამი.“,-აცხადებს რომან კაკულია.
ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალურმა დირექტორმა კლაუს ლოურსენმა „ინტერპრესნიუსს“ ვრცელი ინტერვიუ მისცა. სხვა საკითხებთან ერთად, ის საუბრობს იმაზეც, რომ მათი გეგმების შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების წინა მინისტრი იყო ინფორმირებული. გარდა ამისა, კლაუს ლოურსენი აცხადებს, რომ ქვეყანაში სამართლიანი კონკურენციის არსებობის საჭიროებაა, რადგან ადგილობრივი ბიზნესმენებისთვის პრივილეგირებული პირობების შექმნა უცხოელი ინვესტორების დაეჭვებას იწვევს.