სავალუტო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა - რა მოცულობის დოლარი იყიდა სებ-მა ერთ წელიწადში

საერთაშორისო რეზერვები მაისში ისევ გაიზარდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 30 მაისისთვის საერთაშორისო რეზერვების მთლიანმა მოცულობამ 3,717 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 701 მლნ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2018 წლის მაისის მონაცემებით, რეზერვების მოცულობა 3,015 მლრდ დოლარს შეადგენდა.

3,717 მლრდ დოლარიდან სავალუტო რეზერვი 3,520 მლრდ დოლარს შეადგენს. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში სავალუტო რეზერვების მოცულობა 2,811 მლრდ დოლარს შეადგენდა, ანუ ერთ წელიწადში სებ-მა სავალუტო რეზერვები 709,6 მლნ დოლარით გაზარდა. აქტივები ასევე მოიცავს სავალუტო ფონდში 200 მლნ სესხების სპეციალურ უფლებებს.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკი ბოლო ერთი წლის განმავლობაში საკმაოდ აქტიურად ყიდულობს დოლარს. 2018 წლის ივნისიდან დღემდე სებ-მა სავალუტო აუქციონზე 342,5 მლნ დოლარი შეისყიდა. ამავე პერიოდში, მიუხედავად ეროვნული ვალუტის კურსის რყევებისა, ეროვნულ ბანკს არცერთი დოლარი არ გაუყიდია.