თურქეთი საქართველოსთვის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება. 2019 წლის იანვარ-აპრილში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 3 859.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (525.1 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (446.6 მლნ აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (362.1 მლნ აშშ დოლარი).
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ტოპ-5 პროდუქტს, რომელსაც ყველაზე დიდი რაოდენობით ვყიდით თურქეთში და ასევე, რომელიც იქიდან შემოგვაქვს.
2019 წლის იანვარ-აპრილში, საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი ტრიკოტაჟის ნაწარმი იყო, რომლის ექსპორტმაც 14. 5 მლნ დოლარი შეადგინა. მას მოსდევს ნახევარფაბრიკატები ნახშირბადიანი ფოლადისაგან - 14 მლნ დოლარით, მე-3 ადგილზე გავიდა ფეროშენადნობები, რომლის ექსპორტიც 7.7 მლნ დოლარი იყო, მე-4 ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 7.1 მლნ დოლარით, მე-5 ადგილზე კი 4.5 მლნ დოლარით კოსტუმები, კომპლექტები, მამაკაცის ნაქსოვი ტრიკოტაჟი გავიდა.
რაც შეეხება იმპორტს, 2019 წლის იანვარ-აპრილში უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი დაფასოებული მედიკამენტები იყო, რომლის იმპორტმაც 29 მლნ დოლარი შეადგინა. მას მოსდევს 16.3 მლნ დოლარით მსუბუქი ავტომობილები, მე-3 ადგილზე კი შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები გავიდა, რომლის იმპორტმაც 13 მლნ დოლარი შეადგინა. მე-4 ადგილზეა ტექსტილის მზა ნაწარმი (ტანსაცმლის გარდა) 11.6 მლნ დოლარით და ხუთეულს ასრულებს მავთულები იზოლირებული, კაბელები, რომლის იმპორტმა 10.6 მლნ დოლარი შეადგინა.