სოფელ ნინიგორის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა

ლაგოდეხის რაიონის სოფელ ნინიგორის მოსახლეობამ, სასმელი წყლის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გამართა.

ადილობრივების თქმით, 20 წელზე მეტია, რაც სოფელს წყალი არ მიეწოდება და წყლის მოტანა რამდენიმე კილომეტრიდან უწევთ. მათივე თქმით, სოფლის ჭაბურღილი, საიდანაც ალტერნატიული წყალმომარაგება ხდებოდა, გვალვის გამო დაშრა.

აქციის მონაწილეები ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ პრობლემის შესახებ არაერთხელ აცნობეს, თუმცა მისი მოგვარებით არავინ დაინტერესებულა.

ნინიგორში გამართულ საპროტესტო აქციაზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მივიდა. გოდერძი ბარბაქაძის განცხადებით, მას პრობლემის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. საკრებულოს თავმჯდომარე ნინიგორელებს პრობლემის შესწავლას და მის მოგვარებას მუნიციპალიტეტის შესაძლებლობის ფარგლებში დაპირდა.

პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში, ნინიგორელები თბილისში ჩამოსვლას და აქციის გამათვას პრემიერის ადმინისტრაციასთან გეგმავენ.