მთავარი ხარვეზები, რომლებიც ტექინსპექტირებისას გამოვლინდა

ხუთი თვეა, რაც ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის ტექინსპექტირება სავალდებულო გახდა.

როგორია სტატისტიკა, რა დარღვევები იჩენს თავს, რა რეკომენდაციებს იძლევიან ხელოსნები, როდის აქვს აზრი ხარჯს მანქანის მოსაწესრიგებლად, მონიტორინგის შედეგად რა ხარვეზები აღმოაჩინა არასამთავრობო სექტორმა ტექინსპექტირებაში - ამ და სხვა კითხვებს ჩვენი რესპონდენტები უპასუხებენ.

ნოდარ ტანგიაშვილი, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის საჯარო­ პოლიტიკის მრჩეველი:

- არასამთავრობო სექტორმა კვლევა ჩავატარეთ და შედეგები შევაჯამეთ. კვლევის მეორე ეტაპი იმ ხუთთვიან პერიოდს მოიცავდა, როცა ტექინსპექტირება ყველა ავტომანქანისთვის სავალდებულო გახდა. 7 ტექინსპექტირების­ ცენტრში ვაკვირდებოდით პროცესს, გამოვ­კითხეთ 170 მძღოლი. გამოიკვეთა როგორც დადებითი მხარეები, ისე პრობლემები.

დადებითი ის არის, რომ შეიქმნა ტექინსპექტირების ცენტრები, კერძო კომპანიებმა მოასწრეს აშენება და აღჭურვა. გამოკითხულთა 88% მხარს უჭერს ამ რეფორმას და უფრო ინფორმირებულია, ვიდრე შარშან; მძღოლები ბევრად მომზადებული მიდიან ტექინსპექტირებაზე. 10-15 წუთი სჭირდება ერთი მანქანის ტექინსპექტირებას.

- უარყოფითზეც ვისაუბროთ.

- უარყოფითი ის არის, რომ სახელმწიფოს არა აქვს მონაცემთა ბაზა და ელექტრონული სისტემა, ამიტომაც სხვადასხვა კომპანიას სხვადასხვა მონაცემი აქვს. არ არის თითოეულ მანქანაზე დეტალური ინფორმაცია. არ ხდება ხარვეზების სიღრმისეული ანალიზი, რათა გავიგოთ, უმჯობესდება თუ არა ავტოპარკის მდგომარეობა. არ აწარმოებენ სტატისტიკას, თუ რამდენი ავარია ხდება ტექგაუმართაობის მიზ­ეზით; შესაბამისად, ვერ გავიგებთ, სავალდებულო ტექინსპექტირებამ შეამცირა თუ არა ავტოსაგზაო შემ­თხვევები, რაც მთავარი იყო ტექინსპექტირების შემოღებისას. არის მაქინაციებიც - როგორც მძღოლები ამბობენ, ტექინსპექტირებისთვის შეგიძლია იქირაო ან ითხოვო საბურავები, ფარები, ცეცხლმაქრი და ა.შ. ყველაზე ხშირია გამონაბოლქვის ტესტის გავლისას მაღ­ალი ხარისხის ბენზინის ერთჯერადად მოხმარება. ამიტომაც ქუჩაში შემოწმებული ტექინსპექტირებაგავლილი ავტომანქანების ნაწილმა გამონაბოლქვის ნორმა ვერ დააკმაყოფილა.

ერთი ცდაც ჩავატარეთ - მძღოლთან ერთად, რომლის ავტო­მან­ქანასაც­ ტექდათვალიერების გავლა გადაც­ილებული ჰქონდა, თითქმის ერთი კვირა ვიარეთ, მაგრამ ჭკვი­ანმა კამერებმა ჯარიმა არ დააფიქსირა­ მანამ, სანამ მძღოლმა ქალაქიდან გასვლა არ დააპირა.

- რამდენი მძღოლი დაჯარიმდა ტექდ­ათვალიერების გაუვლელობის გამო?

- დაახლოებით 36 000 მძღოლი და სულ ჯარიმის ოდენობა 54.000 ლარია. 30-40 ათასი მძღოლი თავს არიდებს ტექინსპექტირებას, ურჩევნიათ, თვეში 50 ლარით დაჯარიმდნენ, ვიდრე მანქანა მოაწესრიგონ, რასაც გაცილებით მეტი ხარჯი სჭირდება.­ შსს-ს აქვს ინიციატივა, რომ ნაცვლად 30-ისა, 3 დღეში ერთხელ, ანუ 72 საათში ერთხელ ჯარიმდებოდეს მძღოლი ტექინსპექტირების გაუვლელობის გამო.

არის სხვა ტიპის პრობლემებიც - იმის გამო, რომ სხვადასხვა კომპანიას ტექინსპექტორების ტრენინგები ერთმანეთისგან განსხვავებული აქვს, ის ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც აკრედიტაციის ცენტრმა მიიღო, სხვადასხვანაირად ინტერპრეტირდება.

ვაჟა იორდანიშვილი, ავტომობილების­ ინსპექტირების ორგანოების ასოციაცია: - დღევანდელი მონაცემებით, პირვე­ლადი ინსპექტირებისას ავტომობილების 65% ხარვეზდება, განმეორებით ინსპექტირ­ებაზე 28% აღარ მიდის, თუმცა, ვინც მიდის­, 94% გადის ინსპექტირებას. მთავარი ხარვეზი, რომელიც თავს იჩენს ინსპექტირებისას, ელექტრომოწყობილობების გაუმართაობაა. მძღოლმა წვრილმანებსაც უნდა მიაქციოს ყურადღება.

- ერთ-ერთმა ხელოსანმა დაგვარიგა,­ თუ გინდა ტექინსპექტირებისას ჩO-ს მაჩვენებელი ნორმაში იყოს, ავტომანქანა ბენზინის ნაცვლად, აირზე ამუშავეო.- მანქანა მოწმდება აირზეც და ბენზინზეც... 2020 წლისთვის გამონაბოლქვის შესახებ რეგულაცია უფრო გამკაცრდება. ვალდებულებად შემოვა კატალიზატორის მოხმარება. კატალიზატორი მანქანის ის ნაწილია, რომელიც გამონაბოლქვს ფილტრავს და გარემოს მავნე ნივთიერებების ზემოქმედებისგან იცავს. ეს ეხება ყველა იმ ავტომობილს, რომელთაც ქარხნული კატალიზატორი უნდა ჰქონდეთ. შალვა შიომღვდლიშვილი, ავტოხელოსანი: - უპირველესი პრობლემა, რომელიც ტექდათვალიერებისას იჩენს თავს, ისევ და ისევ გამონაბოლქვია.

იხილეთ სრულად გაზეთ კვირის პალიტრის 10 ივნისის ნომერში

ან გახდით ხელმომწერი და წაიკითხეთ მასალა სრულად