"პაშა ბანკმა" ინტერნეტ და მობაილბანკი  განაახლა

"პაშა ბანკმა" 10 ივნისს ახალი ინტერნეტ და მობაილბანკი გაააქტიურა."პაშა ბანკის" ცნობით, განახლებული მომსახურებით სარგებლობას როგორც ფიზიკური პირები, ისე მსხვილი, საშუალო და მცირე საწარმოები შეძლებენ. საუბარია იმ საწარმოებზე, რომლებსაც აქვთ ერთ მილიონ ლარზე მეტი ოდენობის წლიური ბრუნვა, ან აქვთ პოტენციალი, რომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მიაღწიონ ამ მაჩვენებელს.

"პაშა ბანკის" ახალი ინტერნეტბანკი მომხმარებელს საშუალებას მისცემს, დისტანციურად მართოს საკუთარი ანგარიშები, მიიღოს დეტალური ინფორმაცია პროდუქტებზე, შეასრულოს გადარიცხვები და გადახდები ან შეუკვეთოს საბანკო პროდუქტები. კლიენტს ასევე შეეძლება, მიიღოს განახლებადი და დეტალური ინფორმაცია გაცვლითი კურსების, სიახლეებისა და შეთავაზებების შესახებ.

ინტერნეტბანკის მომსახურებაზე დარეგისტრირება უფასოა. იურიდიული პირები რეგისტრაციის გავლას პაშა ბანკის ფილიალში, ბანკის თანამშრომლების დახმარებით შეძლებენ. ხოლო ფიზიკური პირებისთვის ინტერნეტბანკში დარეგისტრირება ონლაინ არის შესაძლებელი. ამისთვის მომხმარებელს "პაშა ბანკში" მიმდინარე ანგარიში უნდა ჰქონდეს.

“ჩვენ მუდამ ვცდილობთ სერვისის გაუმჯობესებას. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაგვეახლებინა ჩვენი ინტერნეტ და მობაილ ბანკი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კლიენტებს შევთავაზოთ თანამედროვე და მოქნილი საბანკო სერვისები. იმედი გვაქვს, სიახლეებით კმაყოფილი დარჩებიან“ - აცხადებს "პაშა ბანკის" კომერციული დირექტორი გოგა ჯაფარიძე.

"პაშა ბანკის" განახლებული ინტერნეტბანკი ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში, როგორც სამუშაო, ისე უქმე დღეებში. პაშა ბანკის ინტერნეტბანკით სარგებლობისთვის ეწვიეთ გვერდს pashaonline.ge

"პაშა ბანკი" ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. "პაშა ბანკი" მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.