საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრები უკვე შეირჩნენ. როგორც გასულ თვეში პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, ამ საინვესტიციო საბჭოში არიან: ადამიანები, რომლებიც იყვნენ ფინეთის საპენსიო ფონდის ხელმძღვანელები, საფრანგეთის საპენსიო საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელები, მსოფლიოს გიგანტი #1 საინვესტიციო ბანკის JP მორგანის ვიცე პრეზიდენტი და ა.შ.
საბჭოს წევრებად 5 კანდიდატი შეირჩა, რომელთა მონაცემებიც განსახილველად პარლამენტს უკვე გადაეგზავნა.
კერძოდ, პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში საინვესტიციო საბჭოს წევრები გახდებიან: დავით წიკლაური (3 წლის ვადით); ჟან-ფრედერიკ პოლსენი (3 წლის ვადით); ოლივიე რუსო (5 წლის ვადით); ტიმო ვირერკენტა (5 წლის ვადით) და მაიკლ რიდლი (5 წლის ვადით).
აღსანიშნავია, რომ შერჩეული 5 კანდიდატიდან რამდენიმე ამჟამად მსოფლიოს სხვა ქვეყნების სახელმწიფო საპენსიო სააგენტოებში მუშაობს - მათ შორის ოლივიე რუსო 2011 წლიდან არის საფრანგეთის საპენსიო სარეზერვო ფონდის ბორდის წევრი, ხოლო ტიმო ვირერკენტა ფინეთის სახელმწიფოს საპენსიო ფონდის აღმასრულებელი ოფიცერია.
რაც შეეხება თითოეული კანდიდატის ბიოგრაფიას, წარმოშობით ერთადერთ ქართველ კანდიდატს, დავით წიკლაურს აქვს საფინანსო სექტორში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება, როგორც საქართველოში, ასევე დიდ ბრიტანეთში. 2019 წლის აპრილის ჩათვლით ის "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტზე მუშაობდა. საქართველოში დაბრუნებამდე (2008-2014), კი წიკლაური მუშაობდა Deutsche Bank -ის ლონდონის ოფისში, თავიდან თანამშრომლის რანგში კაპიტალის ბაზრის საკრედიტო ინსტრუმენტების მიმართულებით, ხოლო შემდგომ, ვიცე-პრეზიდენტის რანგში კაპიტალის ბაზრის და სახაზინო პროდუქტების მიმართულებით. ამასთან, სხვადასხვა დროს წიკლაური საქართველოს საფონდო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოსა და ბელორუსის სახალხო ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო.
ტიმო ვიჰერკენტა - 2015 წლიდან არის ფინეთის სახელმწიფო საპენსიო ფონდის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი (CEO), რომლის აქტივების მიმდინარე მოცულობა 20 მილიარდ ევრომდეა. ამასთან, სხვადასხვა დროს მუშაობდა, როგორც ლექტორი და მკვლევარი ჰელსინკის და ჰარვარდის უნივერსიტეტებში (1983 – 1991) და იყო საგადასახადო სამართლის პროფესორი ჰელსინკის უნივერსიტეტში (1992-1993). იგი სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა ფინეთის ფინანსთა სამინისტროში (1987 – 2002 და 2015), მათ შორის, იყო საერთაშორისო საგადასახადო საკითხების დირექტორი; ბიზნესის დაბეგვრის საკითხების დირექტორი და, ასევე, გენერალური დირექტორი საბიუჯეტო საკითხებში. ამასთან, ვიჰერკენტა სხვადასხვა დროს იყო კომპანიების, ასოციაციების და სხვა სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციების მმართველი ან სამეთვალყურეო საბჭოების წევრი.
ჟან-ფრედერიკ პაულსენი - 2017 წლიდან მიმდინარე წლის 17 მაისამდე იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის უფროსი მრჩეველი სხვადასხვა მიმართულებით. 2015 წლიდან დღემდე, პაულსენი ასევე არის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და 2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის თებერვლამდე პერიოდში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი.
2012 – 2017 წლებში იყო ბრიტანული კომპანიის TPFF Asset Management -ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; 2007-2013 წლებში მუშაობდა სხვადასხვა კომპანიებში - გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და ჰონგ-კონგში, როგორც ბიზნეს ანალიტიკოსად, ასევე, ფინანსურ მენეჯერად.
ოლივიერ რუსსო - 2011 წლიდან არის საფრანგეთის ნაციონალური საპენსიო სარეზერვო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი (co – CEO), რომლის უშუალო მოვალეობებში, ორგანიზაციის ხელმძღვანელობასთან ერთად შედის საინვესტიციო პოლიტიკის განსაზღვრა, საპენსიო აქტივების განთავსება და აქტივების მმართველების შერჩევა. საფრანგეთის საპენსიო სარეზერვო ფონდის აქტივების მიმდინარე მოცულობა 34 მილიარდ ევროზე მეტია.
რუსსოს გააჩნია მმართველ თანამდებობებზე მუშაობის 21 წლიანი გამოცდილება ფინანსურ ბაზრებზე, მათ შორის, პარიზში, ლონდონში, ტოკიოში, სინგაპურში, ჰონგ-კონგსა და სიდნეიში. მას აქვს დამატებით 12 წლის საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება. კერძოდ, 7 წელიწადი საფრანგეთის ხაზინაში მაღალ თანამდებობაზე და 5 წელიწადი სტოკჰოლმში მუშაობდა. სკანდინავიის ქვეყნებში ეკონომიკური და ფინანსური მრჩეველი იყო. გარდა ამისა, 2004-2006 წლებში იყო ლონდონში ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორი და დირექტორთა საბჭოს წევრი საფრანგეთიდან.
მაიკლ რიდლი - მას აქვს 37-წლიანი გამოცდილება საინვესტიციო საბანკო საქმეში ლონდონში და ამერიკის შეერთებულ შტატებში და იყო J.P. Morgan-ის ვიცე-თავმჯდომარე (2012-2015). ამავე საინვესტიციო ბანკში ის ფიქსირებული შემოსავლიანობის ფინანსური ინსტრუმენტების და სტრუქტურული ფინანსების პროდუქტების მიმართულებით ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებდა (2002-2012).
ამჟამად, მაიკლ რიდლი არის ისლანდიის ფინანსთა მინისტრის მრჩეველი მთელ რიგ საკითხებში, მათ შორის, საბანკო სისტემის სტრუქტურის მიმართულებით და ისლანდიის სუვერენული (ნაციონალური) ფონდის საკითხებში და ამ ფონდის ინვესტიციებზე სხვადასხვა სახელმწიფო საწარმოებში.
"რაც შეეხება საბჭოს უფლება/მოვალეობებს, ასეთია: საბჭო შეიმუშავებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს და მასში ცვლილების შეტანის უფლების გარეშე, დასამტკიცებლად წარუდგენს საპენსიო სააგენტოს დირექტორს; საჭიროებისამებრ, პერიოდულად გადასინჯავს და კანონის შესაბამისად განაახლებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს, მათ შორის, აქტივების განთავსების სტრატეგიას; არანაკლებ კვარტალში ერთხელ ახორციელებს საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის მონიტორინგსა და შეფასებას; ახორციელებს საინვესტიციო საქმიანობის საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტთან შესაბამისობის შეფასებას და შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში უფროს საინვესტიციო ოფიცერს მოსთხოვს, გონივრულ ვადაში დასამტკიცებლად წარუდგინოს საინვესტიციო პორტფელის შესაბამისობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებების შესასრულებელი გეგმა; საპენსიო სააგენტოს წლიური ბიუჯეტის მომზადების მიზნით ამზადებს წინადადებებს საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებულ წლიურ ხარჯებთან, მათ შორის, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის თანამშრომლების რაოდენობასა და სახელფასო ხარჯებთან, მომსახურების გამწევ პირებთან სახელშეკრულებო ურთიერთობით გათვალისწინებულ სხვა გადასახდელებთან, დაკავშირებით და წარუდგენს საპენსიო სააგენტოს დირექტორს; შეარჩევს სპეციალიზებულ დეპოზიტარს (დეპოზიტარებს) და აქტივების მმართველ კომპანიას (კომპანიებს); განსაზღვრავს და საპენსიო სააგენტოს წლიური ბიუჯეტის მომზადების მიზნით საპენსიო სააგენტოს დირექტორს წარუდგენს წინადადებებს უფროსი საინვესტიციო ოფიცრის შრომის ანაზღაურების ოდენობის შესახებ,"-აღნიშნავენ სააგენტოში.
ცნობისთვის, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო 5 წევრისგან შედგება, რომელთა შესარჩევად უცხოურ გამოცემებში საერთაშორისო კონკურსი 23 მარტს გამოცხადდა. კონკურსის თანახმად, საბჭოს წევრებიდან სამი 5 წლის ვადით, ორი კი სამი წლის ვადით შეირჩა. საბჭოს წევრთა ანაზღაურება წელიწადში მაქსიმუმ 60,000 დოლარამდე იყო განსაზღვრული. გარდა ამისა, კონკურსის პირობებით, სახელმწიფო საბჭოს წევრების სამგზავრო ხარჯებსაც სრულად დაფარავს.
როგორც განაცხადში იყო აღნიშნული, არ არის აუცილებელი ეს პირები მუდმივად საქართველოში იმყოფებოდნენ. თუმცა, კონკურსის თანახმად, გამარჯვებულ კანდიდატებს საქართველოში მინიმუმ წელიწადში ერთხელ მოუწევთ ჩამოსვლა. სამუშაო საათების რაოდენობა კი წლის განმავლობაში 72 საათი უნდა იყოს.