„რატომ არ აძლევთ და როდის მისცემთ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ აქციების გამოშვების უფლებას?"

რატომ არ აძლევთ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ აქციების გამოშვების უფლებას და როდის მისცემთ? - ამ კითხვით მიმართა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.

რომან გოცირიძე დაინტერესდა, რა მდგომარეობაა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ აქციების ემისიასთან დაკავშირებით და აფერხებს თუ არა ამ პროცესს ეროვნული ბანკი.

„ამბობთ, რომ „თიბისი ბანკთან“ მორჩით, როგორ მორჩით? „თიბისი ბანკის“ საქმე გაგრძელდა, მივედით ანაკლიამდე. ფოთის პორტის დირექტორი, რომელიც ორი წლის წინ ამბობდა, რომ შეუძლებელია საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტი აშენდეს, ახლა გამოდის და იძახის, რომ ახალი ღრმაწყლოვანი პორტი უნდა ავაშენოო. რამდენი ხანია თქვენთან შემოსულია განაცხადი აქციების ემისიაზე, რატომ აფერხებთ ამას, თქვენ სამართლებრივად გაქვთ შეფერხების უფლება? უკვე სხვა მიმართულებით ხომ არ აფერხებთ ანაკლიის პროექტს? იქ რომ შეაფერხეთ, პროკურატურის დავალება შეასრულეთ და რა უყავით „თიბისი ბანკს“ ეს ცალკე თემაა, მაგრამ მეორე კუთხით, რომელიც თქვენი საზედამხედველო სფეროა, რატომ არ აძლევთ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ აქციების გამოშვების უფლებას და როდის მისცემთ?, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ეროვნულ ბანკს აქციების ემისიის შესახებ აპრილში მიმართა.