ბარსელონას მერიამ საგრადა ფამილიაზე მშენებლობის ნებართვა გასცა

137-წლიანი ლოდინის შემდეგ, ბარსელონის მერიამ საგრადა ფამილიაზე მშენებლობის ნებართვა გასცა.

მშენებლობაზე ლიცენზიის გაცემა ბარსელონის მერიისა და ტაძრის წარმომადგენლებს შორის ორწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ გაიცა.

როგორ ცნობილია, მანამდე, 2018 წლის ოქტომბერში ტაძრის წარმომადგენლები დათანხმდნენ ბარსელონის მერიისთვის 36 მლნ ევროს გადახდას ქალაქის სასარგებლოდ, იმის გამო, რომ ტაძარს მშენებლობის უფლება 130 წელზე მეტხანს არ ეძლეოდა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ტაძარი ამ თანხას 10 წლის განმავლობაში გადაიხდიდა. ფინანსები ტაძრის გარშემო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასა და მიმდებარე ქუჩების კეთილმოწყობას მოხმარდება. ამასთან, ტაძარი ვალდებულია, რომ 4,6 მლნ ევრო გადაიხადოს საგადასახადოში.

ტაძრის მშენებლობა ცნობილი არქიტექტორის ანტონიო გაუდის პროექტის მიხედვით 1882 წელს დაიწყო.

2005 წლიდან ეკლესია შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში, მას ყოველწლიურად 4.5 მილიონი ტურისტი სტუმრობს.

მთელი ამ დროის განმავლობაში ტაძრის მშენებლობა დაუსრულებელი იყო. საგრადა ფამილიას მშენებლობის დამთავრება მხოლოდ 2030 წლისთვის იგეგმება.