კახეთის გზატკეცილის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება.
მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, გზატკეცილის განაპირა და ბუშის ქუჩის მიმდებარედ არსებული თარგების რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და გეგმა-გრაფიკით მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, კომპანიასთან „გრინსერვის+“ ხელშეკრულება 17 მაისს გაფორმდა. სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში 21 მაისს დაიწყო და დასრულების ვადად განისაზღვრა 190 კალენდარული დღე.
„ამ ეტაპისთვის, რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელდა 500-ზე მეტი მწვანე-ნარგავის გადარგვა, გამყოფი ზოლებიდან და კახეთის შემოსასვლელიდან ისთ ფოინთის სავაჭრო ცენტრამდე; მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები სარწყავი სისტემისა და განათების მოსაწყობად; ელექტრომომარაგების გადმოსაყვანად მოწყობილია მილები კახეთის გზატკეცილის შუა თარგიდან „ისთ ფოინთის“ სავაჭრო ცენტრამდე; განაპირა თარგებში მიმდინარეობს ახალი სარწყავი სისტემისთვის მაგისტრალური მილსადენების მოწყობა; მიმდინარეობს ბუშის ქუჩის მიმდებარე ფერდობზე არსებული გაბიონებისა და კონსტრუქციების დემონტაჟი,“-აღნიშნულია ინფორმაციაში.
რეაბილიტაციის ფარგლებში, ბუშის ქუჩის პირველი 250-მეტრიანი თარგი ტერასულად მოეწყობა. მრგვალი კლუმბების კომპოზიციებიც შეიქმნება.
„მეორე თარგი დახრილი გამწვანებული სიბრტყისგან შედგება და გამოიყენება პირველი თარგის ანალოგიური გაბიონები. ორივე თარგში, დაახლოებით 10 000 კვ.მ-ზე, მოეწყობა სარწყავი სისტემა, დაითესება ბალახი და დაირგვება სხვადასხვა სახეობის მცენარეები (3500 ძირი ბალახოვანი მცენარე, 15 ხე და 61 ბუჩქი). კახეთის გზატკეცილზე 62 000 კვ. მ ფართობზე (მე-4 თარგი) დაითესება ბალახი, მოეწყობა სარწყავი სისტემა, დაირგვება 997 ხე, 321 ბუჩქი და 34 500 ბუჩქი ცოცხალი ღობისთვის. სულ სამივე თარგში, 72 000 კვ.მ ფართობზე დაითესება ბალახი, დაირგვება 1 012 ხე, 34 882 ბუჩქი და 3 500 ძირი ბალახოვანი მცენარე,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.