მსოფლიოს უძველესი ტურისტული კომპანიის Thomas Cook-ის ჯგუფმა დაადასტურა, რომ აწარმოებს მოლაპარაკებას ჩინურ Fosun International-თან საკუთარი ტურისტული ბიზნესის გაყიდვასთან დაკავშირებით. ჯგუფმა შესაბამისი განცხადება ლონდონის საფონდო ბირჟაზე უკვე გამოაქვეყნა. Fosun ბრიტანული კომპანიის უმსხვილესი აქციონერია 18%-იანი წილით.
Thomas Cook-ის ჯგუფი 1841 წელს დაარსდა. მისი პორტფელი მოიცავს ტურიზმს, ავიაციას და სასტუმროს ბიზნესს. კომპანიის მონაცემებით, მათ დაქვემდებარებაშია დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, სკანდინავიის ქვეყნებსა და ესპანეთში ბაზირებული 100-ზე მეტი თვითმფრინავი, 186 სასტუმრო 38 000-ზე მეტი ოთახით.
ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შესახებ არსებულმა გაურკვევლობამ და Thomas Cook-ის მომსახურებებზე მოთხოვნის შემცირებამ, ჯგუფისთვის ევროპაში ბიზნესის კეთება უფრო გაართულა. როგორც Bloomberg-ი წერს, კომპანიას ნაწილობრივი გაყიდვა მას გაკოტრებას თავიდან ააცილებდა. მხოლოდ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში Thomas Cook-ის ოპერაციული შემოსავალი 1.5 ჯერ შემცირდა. 30 სექტემბრის დასრულების ფისკალური წლის განმავლობაში ჯგუფის შემოსავლები მხოლოდ 6.6% -ით გაიზარდა და 9.6 მილიარდი გირვანქა სტერლინგი შეადგინა, ხოლო ოპერაციული შემოსავალი თითქმის 250 მილიონ ფუნტამდე შემცირდა.
Thomas Cook-ის ჯგუფსა და Fosun-ს შორის ბიზნეს-გარიგებასთან დაკავშირებით ინფორმაცია თავდაპირველად Sky News-მა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მოლაპარაკებები ჯერ ადრეულ სტადიაზეა. ამავე ინფორმაციით, ჩინური მხრიდან დოკუმენტაციას JPMorgan-ი ამზადებს.
„ჯერჯერობით უცნობია, დასრულდება თუ არა ეს მოლაპარაკება Thomas Cook-ის ბრენდის მიყიდვის წინადადებით“, - აცხადებენ Thomas Cook-ის ჯგუფში.