„ოქროს სია“ არსად მიდის და არ უქმდება - უქმდება გადახდის გადავადება და „ოქროს სიის“ კომპანიები გამარტივებული პროცედურებით ისარგებლებენ

ის, რომ გადასახადების გადახდის ნაწილში არ უნდა არსებობდეს ინდივიდუალური პრეფერენციები (მხოლოდ 200, 500 და თუნდაც 1000 კომპანიისთვის), ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და ალბათ აქ ის დროა, ვთქვათ, „წერტილი”, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი „ოქროს სიასთან“ დაკავშირებით სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

მისივე განმარტებით, „ოქროს სიაში“ ხვდებიან კომპანიები, რომლებსაც აქვს დიდი ბრუნვა და საბაჟო სამართალდარღვევების კარგი ისტორია. კომპანიების რაოდენობა ცვალებადია და 200-ის ფარგლებშია ძირითადად. 50,000-ზე მეტი კომპანია ვერ აკმაყოფილებს ოქროს სიის კრიტერიუმებს.

როგორც ხუციშვილი აღნიშნავს, „ოქროს სიას“ აქვს ძირითადად ორი უპირატესობა: გადახდის გადავადება (+25 დღით) და შედარებით გამარტივებული პროცედურები საქონლის იმპორტისას. გადახდის ნაწილში შინაარსობლივად ეს არის უპროცენტო სესხი მიცემული სახელმწიფოს მიერ მხოლოდ 200 კომპანიაზე. პროცედურული ნაწილი განპირობებულია სამართალდარღვევების არქონის კარგი ისტორიით.

„ოქროს სია“ არსად არ მიდის და არ უქმდება! „ოქროს სია“ რჩება! უქმდება გადახდის გადავადება და „ოქროს სიის“ კომპანიები ისარგებლებენ მხოლოდ გამარტივებული პროცედურებით (როგორც ეს არის მიღებული ყველა ქვეყანაში).

შეიძლება თუ არა იმპორტის დროს ყველა კომპანიას (50,000 + 200) მიეცეს გადახდის 30 დღიანი ვადა? - სამწუხაროდ, ეს შეუძლებელია არსებული საბაჟო რისკებიდან გამომდინარე. რეალობაა ის, რომ 30 დღეში ვეღარ იპოვი ვერც კომპანიების გარკვეულ ნაწილს და ვეღარც საქონელს, იმისათვის, რომ კუთვნილი გადასახადის გადახდა მოხდეს ბიუჯეტში. ეს რეალობა რა თქმა უნდა მხოლოდ საქარველოსთვის არ არის, ასეა გადასახადის გადახდის ბევრად უფრო მაღალი კულტურის მქონე ქვეყნებშიც.

რა იქნება ფისკალური ეფექტი 30 დღიანი შეღავათი ყველაზე გავრცელებით? - 5 დღიანი შეღავათის პირობებში უკვე არსებული ქეისების გათვალისწინებით თუ ვიმსჯელებთ, ფისკალური ეფექტი შეიძლება იყოს რამოდენიმე ასეული მილიონი ლარი (ახლოს 300 მილიონთან). თუ აქამდე მხოლოდ მალფუჭებად საქონელთან მიმართებაში იყო დიდი რისკები, შემდეგ იქნება ყველა სახის საქონელთან მიმართებაში. აქ ფისკალური ეფექტი მნიშვნელოვანია მხოლოდ იმ კუთხით, რომ ეს არ იქნება ერთჯერადი და ამით კიდევ უფრო დაამძიმებს კეთილსინდისიერი გადამხდელის მდგომარეობას (გადასახადების გადახდის გარეშე განხორციელებული იმპორტის გამო). სხვა თანაბარ პირობებში გადახდის გადავადების ფისკალური ეფექტი ერთჯერადია და ნაკლებად მნიშვნელოვანი საგადასახადო პოლიტიკის მხრივ.

რატომ არ არის სხვა ქვეყნებში გადახდის ნაწილში შეღავათები? - ერთადერთი მექანიზმი რაც შეიძლება არსებობდეს იმისათვის, რომ რისკების დაზღვევა მოხდეს, არის საბანკო/სადაზღვევო გარანტიის წარმოდგენა 30 დღეში გადასახდელ თანხაზე, რაც ზოგ შემთხვევაში სესხის აღების ტოლფასია. შეუძლებელია ასეთი რისკების დაზღვევა მოხდეს სხვანაირად, ეს არ ხდება არც ერთ ქვეყანაში და ვერ მოხდება ვერც საქართველოში! საბანკო გარანტიას შეზღუდულ შემთხვევებში ნამდვილად იყენებს ზოგიერთი ქვეყანა, თუმცა საქართველოში არსებული საგადასახადო ვალის მართვის სისტემაც იძლევა საგადასახადო დავალიანებაზე გრაფიკის გაკეთების უფრო სწრაფ საშუალებას.

რატომ იყო საქართველოში მხოლოდ 200 კომპანიისთვის დადგენილი შეღავათები? - სწორედ იმის გამო, რომ ვერანაირად ვერ მოხდებოდა არსებული რისკების მართვა ყველა კომპანიასთან მიმართებაში, თავიდანვე შეღავათები გავრცელდა მხოლოდ კომპანიების ძალიან შეზღუდულ რაოდენობაზე (ამ კითხვაზე პასუხისთვის სხვა ბევრი ვერსიაც არსებობს, რომელიც ამ საკითზე მსჯელობისთვის ნაკლებად საინტერესო მგონია). დღეს მოცემულობა არის შემდეგი: ან უნდა მოხდეს გადახდის ნაწილში პირობების გათანაბრება ყველა კომპანიისთვის, ან უნდა შენარჩუნდეს ის მდგომარეობა, რაც არის ახლა.

საგადასახადო პოლიტიკის უმთავრესი პრინციპია ის, რომ ესა თუ ის შეღავათი არაკონკურენტულ პირობებში არ უნდა აყენებდეს სხვას, ან როგორც მინიმუმ ეს უნდა იყოს ძალიან არამატერიალური. ამიტომაც არის, რომ შეღავათები შეიძლება დაუწესდეს რომელიმე დარგს და ამ დარგში მყოფ ყველა კომპანიას და არა რომელიმე კომპანიას ინდივიდუალურად (ინფორმაციისთვის: სამართლებრივად „ოქროს სიას“ არანაიარი პრობლემა არ აქვს). მხოლოდ ამის შემდეგ მოდის ყველა სხვა პინციპი, მათ შორის საგადასახადო ტვირთის სიმძიმე და ადმინისტრირების პროცედურული საკითხები.

ამ მიდგომით უნდა აფასებდეს ყველა (ბიზნესი და ბიზნესის ინტერესების დამცველები) საგადასახადო პოლიტიკას. დღეს ერთი კრიტერიუმით შეიძლება შეირჩეს პრეფერენციული 200 კომპანია და ხვალ მეორეთი - ასეთ დროს ბიზნესის ინტერესების დამცველი კი უნდა იყოს ბიზნესის ინტერესების დამცველი ყველასთვის და არა რომელიმე კონკრეტული ათეული კომპანიისთვის. მესმის, რომ საკმაოდ რთულია გარკვეული პრივილეგიების დაკარგვა, მითუმეტეს მაშინ, როცა ეს პრივილეგიები დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა, ზოგ შემთხვევაში გარკვეულწილად ბიზნეს მოდელის ნაწილიც კი გახდა და შეიძლება კონკრეტულ კომპანიასთან მიმართებაში არსებულ პრობლემებზეც ვისაუბროთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თეთრზე შავის მტკიცება დავიწყოთ.

არგუმენტი იმის შესახებ, რომ ეს მძიმე მდგომარეობაში აყენებს 200 კომპანიას და ამიტომ არ უნდა მოხდეს პირობების გათანაბრება, არასწორი სტრატეგიაა ამ საკითხით დაინტერესებული პირების მხრიდან ორი მიზეზის გამო: ერთი ეს არ არის ისეთი წონადი საკითხი, როგორც ამის წარმოჩენა ხვდება და მეორე 50,000-ზე მეტი კომპანია სწორედ ამ რეჟიმში აგრძელებს ფუნქციონირება ათეული წლის განმავლობაში (მე-8 პუნქტს თუ ვიზიარებთ ეს რეალურად კონტრარგუმენტიც გამოდის). საუბარი კი იმის შესახებ, რომ გასწორდეს უთანაბრო სიტუაცია და ყველამ ისარგებლოს 30 დღიანი გადახდის შეღავათით, უბრალოდ პრობლემის გვერდის ავლის მცდელობაა, ვინც ოდნავ მაინც ჩახედულია საკითხში მიხვდება, რომ ეს შეუძლებელია გაკეთდეს ძალიან დიდი დანაკარგის გარეშე. ერთი საგადასახადო ადმინისტრაცია მაინც თუ არსებობს ვინც ადმინისტრირების ამხელა რისკს მართავს, დიდი სიამოვნებით გავეცნობი მათ პრაქტიკას.

ის, რომ გადასახადების გადახდის ნაწილში არ უნდა არსებობდეს ინდივიდუალური პრეფერენციები (მხოლოდ 200, 500 და თუნდაც 1000 კომპანიისთვის), ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და ალბათ აქ ის დროა ვთქვათ “წერტილი”“, - წერს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.