"მეტროსადგურების მდგრადობის კვლევა 2019 წლის ბოლოს დასრულდება"

მეტროსადგურების მდგრადობის კვლევა 2019 წლის ბოლოს დასრულდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, კვლევის დასრულების შემდეგ გაკეთდება მეტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტი და დაიწყება სამუშაოები.

„ზოგადად, ყველა მეტროსადგურზე ვაკეთებთ მდგრადობის შეფასებას, კონსტრუქციის შეფასებას. ამის შედეგ გაკეთდება პროექტი. არ გვინდა მივიღოთ ისევ ის შედეგი, რაც გვქონდა ვარკეთილის მეტროს შემთხვევაში, ამიტომ რასაც გავაკეთებთ, გვინდა, რომ ხარისხიანად გაკეთებული იყოს. უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული, რომ რაიმე პრობლემები არ შეიქმნას. 2019 წლის ბოლოსთვის გვექნება დასკვნა და ამის შედეგ გაკეთდება პროექტი. რეაბილიტაცია გადავადდა იმიტომ, რომ გვინდა ვიყოთ ყველანაირად დაზღვეულები. მგრადობის კვლევის აკეთებას დრო დასჭირდა. საკუთარ თავზე ნამდვილად ვერ ავიღებდი იმას, რაშიც დარწმუნებული არ ვიყავი. მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება ძალიან ბევრ ადამიანს. ყველანაირად უნდა დავიზღვიოთ თავი და ისე გავაკეთოთ რაღაცეები, რომ სამომავლოდ პრობლემა არ შეიქმნას. ამიტომ დავიწყეთ რეაბილიტაცია ძალოვანი კაბელის ცვლილებით. როგორც იცით, სამუშაოები 1-ელ ივლისს იწყება და ამის გამო მეტრო ერთი საათით ადრე დაასრულებს მუშაობას. გამოიცვლება სავენტილაციო სისტემა, გაგრილების სისტემა. ცვლილებები იწყება, რომელიც მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კალაძემ.