13-15 ივნისს, „ექსპოჯორჯია“ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-12 საერთაშორისო გამოფენას, WinExpo Georgia 2019, უმასპინძლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოფენების ცენტრი „ექსპოჯორჯია“ ავრცელებს.
გამოფენა ოფიციალურად 13 ივნისს, 11:00 საათზე, ექსპოჯორჯიას მე-11 პავილიონში გაიხსნება და მას ოფიციალურად „ექსპოჯორჯიას” დირექტორი რესან ქიქავა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა გახსნიან.
WinExpo Georgia 19 - ში მონაწილებას 12 ქვეყნის 150-ზე მეტი კომპანია იღებს.
გამოფენაზე მოსულ დამთვალიერებლებს დახვდებათ: ღვინო, ალკოჰოლური სასმელები, შესაფუთი მასალები, სასუქები, მევენახეობა-მეღვინეობის მანქანა-დანადგარები, სანერგეები, მინა, აქსესუარები და სერვისები.
გამოფენის ფარგლებში, 11-12 ივნისს გაიმართება ღვინის საერთაშორისო კონკურსი.
ჟიური, ღვინის მაგისტრ ტიმ ატკინის თავმჯდომარეობით, ოქროსა და ვერცხლის მედალოსან ღვინოებს რამდენიმე კატეგორიაში გამოავლენს. რჩეული ღვინოები მიიღებს უმაღლეს ჯილდოს „ტროფი“. კონკურსში გამარჯვებულთა ვინაობა 13 ივნისს საზეიმო დაჯილდოებაზე გახდება ცნობილი.
ცნობისთვის, გამოფენის ორგანიზატორი გამოფენების ცენტრი ექსპოჯორჯიაა, ხოლო მხარდამჭერები: ღვინის ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო არიან.