შვედეთთან "ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ კონვენცია" ამოქმედდა

"ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ კონვენცია" ახლა უკვე შვედეთთან ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

"2014 წლის 26 ივლისს ძალაში შევიდა "შვედეთის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ" კონვენცია. კონვენციას 2013 წლის 6 ნოემბერს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დიანა იანსემ მოაწერეს ხელი.

"ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ" კონვენციის მთავარი მიზანი ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობაა. კონვენციის მუხლები ნათლად განსაზღვრავს ქვეყნებს შორის დაბეგვრის უფლებას, რათა პირის მიერ მიღებული შემოსავალი დაიბეგროს მხოლოდ ერთხელ", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე განმარტებით, კონვენცია ასევე მოიცავს საგადასახადო მიზნებისათვის ინფორმაციის გაცვლის საერთაშორისო სტანდარტებს, რაც უზრუნველყოფს პირების მიერ გადასახადების გადაუხდელობისაგან თავის არიდებას.

ამჟამად, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმება ძალაშია 47 ქვეყანასთან.