დღეიდან ამოქმედდა საქართველოს ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანის მიერ 31 მაისს ხელმოწერილი ბრძანება №162, რომლის თანახმად, კომპანიების ე.წ. „ოქროს სია“ გაუქმდა და ბიზნესს იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადა 30-დღის ნაცვლად 5 დღეში მოუწევს.
უფრო კონკრეტულად, ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვით, იმპორტის გადასახდელების გადახდის 5-დღიანი ვადა გავრცელდება „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ საქონელზეც (ნაცვლად მანამდე მოქმედი 30-დღიანი ვადისა) და წინასწარ (საქონლის შემოტანამდე) დეკლარირებულ საქონელზეც (ნაცვლად მანამდე მოქმედი 15-დღიანი ვადისა).