ანაკლიის პროექტს აქვს სრული მხარდაჭერა ჩვენი მხრიდან. ჩვენ ვასრულებთ ვალდებულებებს და უფრო მეტიც, ვეხმარებით კონსორციუმის წევრებს, რომ მათაც შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ამერიკაში ვიზიტისას ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, საქართველოს სურს მოკლე ხანში აითვისოს ის პოტენციალი, რომელიც ქვეყანას სატრანზიტო თვალსაზრისით გააჩნია.
„რაც შეეხება ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, მქონდა შეხვედრა SSA MARINE-თან, რომელიც კონსორციუმშია წარმოდგენილი. ჩვენ გვსურს, რომ მსგავსი პროფილის, მასშტაბის ამერიკული კომპანიები უფრო ფართოდ იყვნენ წარმოდგენილი ამ პროექტში და კიდევ ერთხელ მსურს განვაცხადო, რომ ანაკლიის პროექტს აქვს სრული მხარდაჭერა ჩვენი მხრიდან. ჩვენ ვასრულებთ ვალდებულებებს და უფრო მეტიც, ვეხმარებით კონსორციუმის წევრებს, რომ მათაც შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები, რომ საქართველომ მიიღოს ღრმაწყლოვანი პორტი და შევძლოთ სრულად ავითვისოთ ჩვენი სატრანზიტო პოტენციალი“,- განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გუშინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე იმედი გამოთქვა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას საფრთხე არ შეექმნება და აღნიშნა, რომ „პორტის პროექტი თავიდან აარიდებს საქართველოს რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკის ზეგავლენას, ვინაიდან მათ არ აქვთ კეთილი სურვილები მთელი გულით“.