11 ბიზნეს-გაერთიანება ფინანსთა მინისტრს ე.წ. ოქროს სიის გაუქმებასთან დაკავშირებით მიმართავს.
როგორც მათ მიმართვაშია აღნიშნული, იმპორტიორი კომპანიებისთვის შეღავათების გაუქმება მოულოდნელი იყო და ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს მიმართავენ თხოვნით, განუმარტოს გადაწყვეტილების მიღების მიზეზები და ის, თუ რითი იყო გამოწვეული ბიზნესთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე აღნიშნული გადაწყვეტილებების მყისიერად მიღება.
„ინტერპრესნიუსი“ განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ბოლო წლებში მიმდინარე პოზიტიური ცვლილებების ფონზე, რომლებიც მიმართული იყო ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისკენ, ჩვენთვის მოულოდნელი აღმოჩნდა 2019 წლის 31 მაისს გამოქვეყნებული თქვენი ბრძანება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“. შედეგად, ცვლილება შევიდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში, რითაც გაუქმდა მთელი რიგი შეღავათები იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ახორციელებენ იმპორტს. კერძოდ, იმპორტის გადასახდელების გადახდის 5-დღიანი ვადა გავრცელდება:
„ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ საქონელზე; წინასწარ (საქონლის შემოტანამდე) დეკლარირებულ საქონელზე (ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 15-დღიანი ვადისა) დეკლარანტის მიერ შევსებული და რეგისტრირებული დეკლარაციით გაფორმებისას (ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 10-დღიანი ვადისა).
მოგმართავთ თხოვნით, განგვიმარტოთ:
1. ამ გადაწყვეტილებების მიღების მიზეზები და არგუმენტაცია; 2. რა ფისკალურ ეფექტს ელოდებით მათი ძალაში შესვლის შემდეგ; 3. რითი იყო გამოწვეული ბიზნესთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე აღნიშნული გადაწყვეტილებების მყისიერად მიღება“, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ: 1. გადასახადის გადამხდელთა კავშირი; 2. დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია; 3. ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია; 4. ქართულ მაღაზიათა ასოციაცია; 5. საერთაშორისო სავაჭრო პალატა; 6. გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება; 7. საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია; 8. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი; 9. საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია; 10. საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაცია; 11. საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია.