რა ღირს აგარაკის დაქირავება თბილისის შემოგარენში და რომელი ადგილებია ყველაზე მოთხოვნადი

ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად თბილისის შემოგარენში კერძო სახლის დაქირავებაზე მოთხოვნა იზრდება.

საქმიანი ადამიანები ზაფხულის გატარებას თბილისთან ახლოს, აგარაკებზე ირჩევენ.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ღირს თბილისის შემოგარენში აგარაკის დაქირავება. უძრავი ქონების სააგენტოს SS.ge-სგან გამოთხოვილი ინფორმაციით, მეპატრონეები აგარაკებს ძირითადად მთელი სეზონით ან მინიმუმ ერთი თვით აქირავებენ.

როგორც SS.ge-ს რედაქტორმა ლელა არაბულმა „ბიზნესპრენიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ზაფხულის სეზონზე აგარაკების ქირის ფასი საშუალოდ 2500 ლარიდან იწყება.

„აგარაკის ფასი დამოკიდებულია პირობებზე - არის თუ არა აუზი, რამდენია ფართობი და სახლი რამდენად კეთილმოწყობილია. თბილისთან ახლოს მდებარე აგარაკებიდან, ყველაზე ცოტა განცხადება მანგლისში გვაქვს, ყველაზე ბევრი კი წყნეთში. მანგლისის გარდა დღიური გაქირავება არსად არ გვხვდება, ყველა სეზონურად ან ერთი თვით მაინც აქირავებს „ - აღნიშნა არაბულმა.

აგარაკის ერთი თვით დაქირავების ფასი:

მანგლისი - 2500 ლარიდან 3500 ლარამდე

საგურამო - 2500 ლარიდან 7500 ლარამდე

ოქროყანა- 2500 ლარიდან 9900 ლარამდე.

წავკისი - 2700 ლარიდან 9900 ლარამდე

ტაბახმელა - 1600 ლარიდან 10 800 ლარამდე

კოჯორი - 2700 ლარიდან 11 000 ლარამდე

წყნეთი - 12 ათასი ლარიდან

როგორც „საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის“ მმართველი საბჭოს წევრი და უძრავი ქონების კომპანია „ნოუბლ რიალ ისთეითის“ დირექტორი ვაჟა მებაღიშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ზაფხულის პერიოდში აგარაკებზე და კერძო სახლებზე მოთხოვნა იზრდება.

„ზაფხულში საქმიანი ადამიანებისთვის თბილისთან ახლოს მდებარე აგარაკებზეა მოთხონა, ეს განპირობებულია სიცხისა და სასკოლო არდადაგების დაწყებით. ზაფხულის პერიოდში ურჩევნიათ ქალაქთან ახლოს იყვნენ. როგორც გასულ წლებში პოპულარულობას არ კარგავს წყნეთი, საგურამო, კოჯორი, ტაბახმელა. ძირითადად პოპულარულია გამწვანებული და ჰაერით გამორჩეული დასახლებები.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, მოთხოვნის შესაბამისად ინფრასტრუქტურაც ვითარდება, რაც დამსვენებლებისთვის უფრო ხელსაყრელი და მოსახერხებელია. თავის მხრივ, სახლის მეპატრონეებისთვის ერთგვარი შემოსავლის წყაროა, ამიტომ უფრო სტაბილურ დამქირავებელს ეძებენ. შესაბამისად, ცდილობენ, რომ მთელი სეზონით გააქირაონ. ფასებიც, რა თქმა უნდა, განსხვავებულია, შეიძლება ითქვას 1000 ლარიდან იწყება და ზოგიერთ შემთხვევაში მთელ სეზონზე 40 000 ლარამდე ადის.“ - აღნიშნა მებაღიშვილმა.

მისი თქმით, წინა წელთან შედარებით ფასები დიდად არ განსხვავდება, თუმცა ტენდეცია გაძვირებისკენ მიდის.

„ფასები გამოკიდებულია სახლის კეთილმოწყობაზე, რა ტიპის სახლია, აქვს თუ არ აუზი. ბოლო პერიოდში ჩოგბურთის კორტებს აკეთებენ, ასევე საუნას. ფასს ძირითადად ეს ფაქტორები განსაზღვრავს, თუმცა ტრადიციულად წყნეთი ძალიან მოთხოვნადია, ასევე საგურამო.

ზაფხულში ტურისტების ზრდასთან ერთად მომსახურების ხარისხიც იზრდება. მსგავსი ტიპის სახლებს ქირაობენ უცხოელებიც, ისინი უფრო გრძელვადიან პერიოდს ირჩევენ. ინფრასტრუქტურა ვითარდება, იხსნება სუპერმარკეტები, აფთიაქები, კაფეები, ცდილობენ, რომ არსებული ტერიტორია უფრო საინტერესო გახადონ,“ - აღნიშნა მებაღიშვილმა.

ლიკა ამირაშვილი