გვინდა გამოვეხმაუროთ ფოთის პორტში ახალი ღრმაწყლოვანი ტერმინალის მშენებლობის გეგმებთან დაკავშირებით უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მოვლენებს და განვაცხადოთ შემდეგი:
პირველ რიგში გვინდა მკაფიოდ განვაცხადოთ რომ მას-მედიის ზოგიერთი საშუალების მიერ ამ თვის დასაწისში ჩვენი კონსორციუმის წევრებზე გავრცელებულ ინფორმაციას და გარკვეული პიროვნებების დაკავშირებას ჩვენს პროექტთან არავითარი საერთო სიმართლესთან არა აქვს და მხოლოდ უპასუხისმგებლო, სპეკულაციური განცხადებებია.
„ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმი“, დაფუძნებულია ქართველი და უცხოელი ფიზიკური პირების მიერ, რომელთაც საქართველოში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობის გამოცდილება გააჩნიათ. ამაზე მეტყველებს მათ მიერ რამოდენიმე ათეული მილიონი აშშ დოლარის განხორციელებული ინვესტიციები (ძირითადად ფოთის პორტში), აგრეთვე წარმატებული თანამშრომლობა USAID-ის ცნობილ საპილოტე, პორტების ტერმინალების კერძო კომპანიების მართვაში გადაცემის პროგრამაში.
ჩვენი უცხოელი პარტნიორები მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი ცენტრალური აზიის სხვადასხვა ტიპის ნაყარი ტვირთების მფლობელებთან, რომელთათვის კავკასიის დერეფანი და ფოთის პორტი მნიშვნელოვანი ლოგისტიკური მიმართულებაა როგორც გადაზიდვების, ასევე ტვირთების დასაწყობების თვალსაზრისით.
ჩვენ წარმოვადგენთ მსოფლიო მასშტაბით ცნობილი კომპანიის - A.P. Moller-Maersk A/S-ის ნაწილის APM Terminals-ის, რომელიც სხვადასხვა კონტინენტებზე 74 პორტში ოპერირებს, საქართველოში მათი კომპანიის APMT ფოთის პარტნიორს და მოგვეცა შესაძლებლობა მათთან ერთად განვახორციელოთ პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ფოთის პორტში, მათსავე ტერიტორიაზე, ბუნებრივად მდინარე რიონის დასილვით წარმოქმნილ მიწის ვიწრო ნაკვეთზე, ერთი ახალი ტერმინალის მშენებლობას ნაყარი ტვირთებისათვის. პროექტი მოიცავს 1600 მეტრი სიგრძის ტალღმტეხის (იგივე მოლო) მშენებლობას, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტს მდინარის მიერ ჩამოტანილი ნაშალი მასების ზემოქმედებას ფოთის პორტის სიღრმეებზე.
ამ პროექტის ძირითადი პარტნიორი APMT ფოთი რამოდენიმე წელია აქტიურობს რათა მიიღოს შესაბამისი სამშენებლო ნებართვა, ყურადღებით აკვირდება რა ტვირთების ზრდის დინამიკას ჩვენი რეგიონისათვის. მათ ბოლო 4 წლის განმავლობაში წარმატებულად განახორციელეს და ექსპლოატაციაში შეიყვანეს 4 ახალი სხვადასხვა პორტი მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე. ჩვენს პროექტში APMT ფოთი თავისი გამოცდილებით და სახსრებით მთლიანად უზრუნველყოფს დამცავი მოლოს, მისასვლელი არხის, ნავმისადგომების კედლის და სახმელეთო მოსამზადებელი ეტაპის სამუშაოებს, ხოლო ჩვენი კონსორციუმი მოახდენს ნავმისადგომის აღჭურვილობის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის გამართვას თანამედროვე ამწეებით. პროექტი100%-ით კერძო ინვესტიციებით ფინანსდება სახელმწიფო ფინანსური დახმარების გარეშე. ამის თქმის უფლებას გვაძლევს მოლაპარაკებები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტებთან. განსაკუთრებით აქტიურად არიან პროექტში ჩართული შვეიცარიული ბანკები. APMT ფოთთან პარტნიორობა, როგორც მნიშვნელოვანი კომპონენტი და ჩვენი კონსორციუმის წევრების წვდომა ტვირთებზე ყველა დაინტერესებულ მხარეს პროექტის წარმატებაში არწმუნებს. არავითარი მოთხოვნა რაიმე სახის ტვირთბრუნვის რისკის დაზღვევაზე არ დგას და არც განიხილება.
დღეს ჩვენი თანამშრომლობა მნიშვნელოვან ეტაპზეა, რაც გამოიხატება 2018 წლის 12 იანვარს ხელმოწერილი მემორანდუმის პრინციპების შესაბამისად ღრმა, ინტენსიური ხასიათის მოლაპარაკებების მიმდინარეობაში. სრულდება გრძელვადიანი კონტრაქტის კომერციულ პირობებზე, სტანდარტებზე და უსაფრთხოებაზე მხარეებს შორის აზრთა გაზიარება. გასატარებელი ტვირთების შესახებ ჩვენი პარტნიორი სრულადაა ინფორმირებული და მათი როგორც რაოდენობა, ასევე სტრუქტურა არანაირ კითხვის ნიშნებს არ ბადებს.
ვფიქრობთ სამართლიანი კონკურენციის პირობებში ახალი პორტების მშენებლობა და არსებულების გაფართოება ახალ შესაძლებლობებს მისცემს საქართველოს, ამდენად სახელმწიფოს ხედვა ამ მიმართულებით ჯანსაღი და მართებულია. ანაკლიის პორტის მასშტაბურობა, მისთვის განსაკუთრებული ლოგისტიკური ცენტრის ფუნქციის მინიჭება მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომლის კონკურენტად ფოთში მშრალი ნაყარი ტვირთების ერთი ღრმაწყლოვანი ტერმინალის წარმოდგენა არარელევანტურია, რაზეც მეტყველებს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი პირების განცხადებები. მაგალითისათვის და უკეთ საილუსტრაციოდ შეიძლება მოვიყვანოთ ამ ორი ობიექტის ზოგიერთი ძირითადი პარამეტრების უბრალო შედარება:
ანაკლიის შემთხვევაში პროექტის ღირებულება 2,5 მლრდ. აშშ დოლარია, ფოთის - 250 მლნ. აშშ დოლარი; ანაკლიის პორტმა 100 მლნ. ტონა ტვირთი უნდა გადაამუშაოს, ფოთის ახალმა ტერმინალმა - 4 მლნ. ტონამდე, ანაკლიის პროექტის მშენებლობისათვის დათმობილი აქვს 330 ჰექტარი მიწის ფართობი და 225 ჰექტარი საზღვაო ტერიტორია 52 წლის ვადით, ფოთის პროექტი განხორციელდება 25 ჰექტარის ტერიტორიაზე, ფოთის პროექტით გათვალისწინებულია 13,5-14,5 მეტრის სიღრმის 400 მეტრის სიგრძის მშრალი და ნაყარი ტვირთების საკონტეინეროს ჩათვლით საბოლოოდ 700 მეტრის სიგრძის ნავმისადგომის მოწყობა, ხოლო ანაკლიაში -16 მეტრი სიღრმის 2250 მეტრი სიგრძის ნავმისადგომები.
შესაბამისად ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვფიქრობთ საქართველოს მთავრობა ერთგული დარჩება უკანასკნელ წლებში სხვადასხვა საერთაშორისო ბიზნესთან დაკავშირებულ რეიტინგებში წამყვანი ადგილების განმაპირობებელი კომპონენტებისადმი (თავისუფალი და კონკურენტული გარემო), რაც საბოლოო ჯამში საქართველოს ეკონომიკის, მათ შორის პორტებისა და ტერმინალების განვითარებას, მნიშვნელოვნად წაადგება. ჯანსაღი კონკურენტული საბაზრო ეკონომიკის შექმნა ხომ საქართველოს ევროინტეგრაციის ისევე როგორც აშშ-ს და მსოფლიო ქვეყნებთან უფრო მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების საწინდარია. არანაირ დონეზე ჩვენი მიზნები და ამოცანები არ მოითხოვს განსხვავებულ პირობებში ჩაყენებას და რაიმე პრივილეგიებს. თანაბარი და მეტი კონკურენცია წინსვლის აუცილებელ პირობად მიგვაჩნია.
ჩვენი კონსორციუმი მომავალშიც მიესალმება ყველა დაინტერესებული მხარის ბიზნეს-ინიციატივას და ასევე მზადაა ყოველთვის უფრო დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას მიმდინარე საქმიანობის და მომავალი გეგმების შესახებ.
ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმი
12 ივნისი 2019 წელი.
(R)