როგორ დავსაქმდეთ?

ცნობილი ქართული კომპანიების HR-ების რჩევები სამსახურის მაძიებლებს

ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ვიწყებთ სამუშაოს ძებნას, თუმცა ეს პროცესი სხვადასხვა ტიპის სირთულეებთან არის დაკავშირებული. მივაგნებთ თუ არა სასურველ ვაკანსიას, მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე ვდგებით - რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის შედგენა. ეს ორი დოკუმენტი ერთგვარი სავიზიტო ბარათია ჩვენსა და დამსაქმებელს შორის, რომელმაც ჩვენს გარეშე უნდა მოაწონოს თავი კადრების შერჩევაზე პასუხისმგებელ პირს. ცნობილია, რომ არცთუ ისე იშვიათად, სწორედ ამ ეტაპზე უშვებენ აპლიკანტები გარკვეულ შეცდომებს.

როგორი უნდა იყოს სამოტივაციო წერილი, ექცევა თუ არა ყურადღება ინფორმაციის მოცულობასა და თანმიმდევრულობას, რა ტიპის შეცდომებს უშვებენ კანდიდატები ყველაზე ხშირად? ამ და სხვა საინტერესო კითხვებით "ამბები.გე"-მ რამდენიმე წამყვანი კომპანიის კადრების შერჩევის სპეციალისტს მიმართა.

დასაქმების სააგენტო HR-ის კადრების შერჩევის განყოფილების ხელმძღვანელი ეთერ ლეშჩინსკაია:

- აქცევთ თუ არა განსაკუთრებულ ყურადღებას რეზიუმეში ჩამოთვლილი ინფორმაციის თანმიმდევრულობას? (ზოგი იწყებს სკოლის პერიოდიდან და რეზიუმეს ბოლო ნაწილში აქვს ინფორმაცია ამჟამინდელი საქმიანობის შესახებ).

- როგორც წესი, ამის გამო კანდიდატის დაწუნება არ ხდება. მთავარია, ინფორმაცია პიროვნების შესახებ გარკვევით იკითხებოდეს და სიმართლეს შეესაბამებოდეს. და რაც ყველაზე მთავარია, მონაცემები თანხვედრაში უნდა მოდიოდეს იმ მოთხოვნებთან, რომლებიც ამა თუ იმ კომპანიას აქვს წამოყენებული.

- ზოგჯერ კომპანიები რეზიუმესთან ერთად ფოტოსურათის გაგზავნასაც ითხოვენ. რა შემთხვევაში ითხოვს თქვენი კომპანია ფოტოსურათს, რა ტიპის ფოტოს გაგზავნაა სასურველი და რა შეცდომას უშვებენ ხოლმე აპლიკანტები ამ შემთხვევაში?

- უმეტეს შემთხვევაში ფოტოსურათი არა სავალდებულო, არამედ სასურველი ატრიბუტია. თუმცა ბოლო დროის ტენდენცია აჩვენებს, რომ ზოგი კომპანია ხაზგასმით მოითხოვს რეზიუმესთან ერთად ფოტოსურათის გაგზავნას. ძირითადად, ასეთი მოთხოვნა კონსულტანტის ვაკანსიაზე არის ხოლმე. ჩვენს ორგანიზაციაში დღეში საშუალოდ 1500-დან 2000-მდე რეზიუმე შემოდის. გარდა ამისა, მუდმივად მიმდინარეობს ონლაინ რეგისტრაცია. რეგისტრაციის ერთ-ერთი პუნქტი სწორედ გამართული ფოტოსურათის განთავსებაა, თუმცა არ არის აუცილებელი, ფოტო იყოს სტანდარტული, ე.წ. 3/4-ზე. ზოგი კანდიდატი პლაჟზე გადაღებულ ფოტოს აგზავნის ხოლმე. არიან ისეთები, რომლებიც ჯგუფურ ფოტოს ურთავს რეზიუმეს. გზავნიან ცეკვის პროცესში ან სუფრასთან, ქეიფის დროს გადაღებულ ფოტოებსაც, რაც პიროვნების მხრიდან საქმისადმი უპასუხისმგებლო და არაადეკვატურ დამოკიდებულებაზე მეტყველებს. თუ ვაკანსია დიზაინის ან ხელოვნების რომელიმე სფეროს მუშაკზეა გამოცხადებული, კრეატიულმა ფოტომ ამ შემთხვევაში შეიძლება განსაკუთრებული მოწონება დაიმსახუროს და სულაც არ იქნას დაწუნებული.

- სამ-ოთხ დღიან ტრენინგებს აქცევთ განსაკუთრებულ ყურადღებას?

- რა თქმა უნდა. ეს ადამიანის დამოკიდებულებაზე მეტყველებს სწავლის, კარიერისა და პიროვნული განვითარებისადმი. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რეზიუმე 8-9 გვერდიანი უნდა იყოს. რეზიუმეს თავისი სტანდარტი აქვს. რაც უფრო დიდია, მით უფრო ნაკლები შანსია იმისა, რომ მას გულდასმით წაიკითხავენ. სასურველია CV-ის მოცულობა 2-3 ფურცელს არ აღემატებოდეს.

- შეიძლება თუ არა CV-ში სამუშაოს აღწერის მითითება, თუ ეს ინფორმაცია სამოტივაციო წერილისთვის არის განკუთვნილი?

- თუ კანდიდატი აგზავნის განაცხადს ფინანსური მენეჯერის ვაკანსიაზე და რეზიუმეში ჩამოთვლილი აქვს თითოეულ პოზიციაზე 4-5 მოვალეობა, სრულიად საკმარისია. ზოგჯერ კანდიდატები სამუშაოს დეტალურად აღწერენ. ასე ხელოვნურად ზრდიან რეზიუმეს მოცულობას. ზოგჯერ თითო ვაკანსიაზე მინიმუმ 400 რეზიუმე შემოდის, თითოეული მათანი 8-9 ფურცელი რომ იყოს, წარმოიდგინეთ, რამდენად რთული იქნება მათი გულდასმით წაკითხვისა და შერჩევის პროცესი.

- რამდენად მნიშვნელოვანია რეკომენდატორების მიერ გაწეული რეკომენდაცია და ზოგადად, აუცილებელია თუ არა რეკომენდატორების მითითება რეზიუმეს ბოლოს?

- თუ მაღალ თანამდებობაზე არის ვაკანსია გამოცხადებული, რეკომენდატორების მითითებას მოვითხოვთ ხოლმე. მეტწილად ვამოწმებთ კიდეც მათთან კანდიდატის მიერ მითითებულ სამუშაო გამოცდილებას. ვინაიდან ჩვენ შუამავალი კომპანია ვართ და კომპანიების წინაშე ერთგვარი პასუხისმგებლობა გვაკისრია, ვცდილობთ მაქსმალურად გადამოწმებული ინფორმაცია მივაწოდოთ მათ. ზოგჯერ კანდიდატები აზვიადებენ, ან იტყუებიან და ეს სწორედ რეკომენდატორებთან უშუალოდ გასაუბრებისას გამოაშარავებულა.

- როგორც წესი, CV-ის ბოლო ნაწილი ჰობის ეთმობა ხოლმე. აქცევთ თუ არა ყურადღებას დასაქმების მსურველთა ჰობის და რა შემთხვევაში?

- ეს საქართველოში არსებული საერთაშორისო კომპანიების მიერ დამკვიდრებული გამოცდილებაა. ქართული კომპანიები, როგორც წესი, არ აქცევენ ყურადღებას ჰობის. მით უმეტეს, რომ კანდიდატების უმრავლესობა წერს წიგნის კითხვას, მუსიკის მოსმენას, რაც უფრო თავისუფალი დროის გაყვანის საშუალებაა, ვიდრე ჰობი.

იგივე კითხვებით "ამბები.გე"-მ ნიკორას კადრების შერჩევა-დაქირავების განყოფილების ხელმძღვანელს, ნინო ზაუტაშვილს მიმართა:

"უპირატესობას ვანიჭებ რეზიუმეს, რომელშიც ინფორმაციის თანმიმდევრულობა აწმყოდან იწყება და სრულდება წარსული სამუშაო გამოცდილებით. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია აპლიკანტმა რომელ სასწავლებელში დაასრულა სწავლა, მაგრამ უფრო პრიორიტეტული ბოლოდროინდელი სამუშაო გამოცდილებაა",- აღნიშნა ნინო ზაუტაშვილმა.

რაც შეეხება ფოტოსურათის მნიშვნელობას, მისი თქმით, კომპანია "ნიკორა" თითქმის არც ერთ შემთხვევაში არ ითხოვს რეზიუმესთან ერთად ფოტოსურათის გაგზავნას, ეს ნებაყოფლობითია. ასევე, კანდიდატის არჩევანზეა დამოკიდებული, რეზიუმეს ბოლოს მიუთითებს თუ არა რეკომენდატორებს წინა სამუშაო ადგილიდან:

"ნიკორას ერთ-ერთი მთავარი პრინციპი სწორედ ის გახლავთ, რომ აპლიკანტებს არ დავუწესოთ ზედმეტი ბარიერები და ისინი შეძლებისდაგვარად თანაბარ პირობებში ჩავაყენოთ. მინახავს რეზიუმე, რომელსაც თან ახლავს რეპერის ფორმაში ჩაცმული მამაკაცის ფოტო ტყავის შავი ხელთათმანით. ერთმა გოგონამ რატომღაც გადაწყვიტა, რომ ფოტოში თმა უნდა უფრიალებდეს, არიან ისეთებიც, საცურაო კოსტუმში გამოწყობილებს რომ არ ეთაკილებათ ფოტოს გამოგზავნა",- განაცხადა მან.

რაც შეეხება სამოტივაციო წერილს, დაბალ პოზიციაზე გამოცხადებული ვაკანსიის შემთხვევაში, კომპანია "ნიკორაში" მას განსაკუთრებულ ყურადღებას არ აქცევენ. "მაგრამ თუ აპლიკანტს შეაქვს განაცხადი გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე და სამოტივაციო წერილში წარმატებით ახერხებს თავისი უნარ-ჩვევების ეფექტურად "გაყიდვას" , ეს მნიშვნელოვანია. ასეთი კანდიდატი პროდუქტის გაყიდვასაც, სავარაუდოდ, ეფექტურად მოახერხებს", - აღნიშნა ნინო ზაუტაშვილმა.

კომპანია "პალიტრა მედიას" პერსონალის შერჩევის მენეჯერი, თეა მორბედაძე აცხადებს, რომ არ არსებობს რეზიუმეს შედგენის უნივერსალური წესი, თუმცა სასურველია რამდენიმე რჩევის გათვალისწინება:

"რეზიუმე უნდა იყოს ლაკონური, დახვეწილი, სტრუქტურირებული, წასაკითხად მარტივი და არ უნდა აღემატებოდეს 1-2 გვერდს. გამართული რეზიუმე უნდა მოიცავდეს შემდეგ პუნქტებს: პერსონალური ინფორმაცია, განათლება და პროფ ტრენინგები (სემინარები და კონფერენციები), სამუშაო გამოცდილება, დამატებითი უნარ-ჩვევები და კომპეტენციები (უცხო ენები, კომპიუტერული უნარ-ჩევები და ა.შ.), დამატებითი ინფორმაცია, რომლის მითითება შეიძლება ღირდეს, მაგალითად მართვის მოწმობის ფლობა."

კადრების შერჩევის პროცესში რეკომენდატორების ფაქტორს "პალიტრა მედიაში" საკმაოდ დიდ ყურადღებას აქცევენ. აპლიკანტის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება რეკომენდატორებთან ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა კარგი სამუშაო გუნდის შესადგენად:

"როგორც წესი, დამწყები კომპანიები ამ საკითხს ზერელედ ეკიდებიან და აპლიკანტების შესახებ ინფორმაციას რეკომენდატორებთან კადრის მიღების შემდეგ გადაამოწმებენ ხოლმე. არადა, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ შემოწმების მიზანი არა კანდიდატის ვარგისიანობის აღიარებაა, არამედ მისი თვითპრეზენტაციის რეალობასთან სიახლოვის შემოწმება. ჩვენი კომპანია როგორც წესი, ყოფილი დამსაქმებლისგან ორი რეკომენდატორის დასახელებას ითხოვს ხოლმე, რაც პროფესიონალი კადრების შერჩევის მყარი გარანტია",- განუცხადა Ambebi.ge-ს თეა მორბედაძემ.

რესპოდენტები რამდენიმე საინტერესო და გასათვალისწინებელი რჩევას აძლევენ სამუშაოს მაძიებლებს:

მაქსიმალურად აარიდეთ თავი შაბლონური სამოტივაციო წერილის შედგენას. ეცადეთ სამოტივაციო წერილი კონკრეტულ ვაკანსიასა და მასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს შეუსაბამოთ.

უცხო ენის შეფასების დონეს ნუ გააზვიადებთ. თუ დამსაქმებლისთვის თქვენი ცოდნის დონე მნიშვნელოვანია, გასაუბრების შემდეგ ყველა შემთხვევაში მოგიწევთ ტესტირების გავლა. სწორედ ამიტომ, უმჯობესია საკუთარი უნარები რეალურად შეაფასოთ, რათა შემდეგ თავადვე არ აღმოჩნდეთ უხერხულ მდგომარეობაში.

სალომე შიხაშვილი